ემანუელ მაკრონი

მაკრონი: ტრამპი დავარწმუნე არ დაეტოვებინა სირია და სარაკეტო დარტყმები შეეზღუდა

0 კომენტარი
ემანუელ მაკრონი ფოტო: AFP

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით მან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაარწმუნა არ გამოეყვანა სირიიდან აშშ-ის სამხედრო ძალები და ამის ნაცვლად გრძელვადიანი გეგმა შეემუშავებინა.

ემანუელ მაკრონის თქმით დასავლელ მოკავშირეებს სრული მორალური უფლება ჰქონდათ ემოქმედათ სირიის ქალაქ დუმაში 7 აპრილს ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ და მათ აქვთ მტკიცებულება, რომ ქიმიური იარაღი სირიის მთავრობამ გამოიყენა.

მისივე განცხადებით მან პირდაპირ უთხრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომ რუსეთი, რომელიც სირიის მთავრობას მხარს უჭერს, ამ დანაშაულის თანამონაწილეა.

"მათ თავად არ გამოუყენებიათ ქიმიური იარაღი, თუმცა მეთოდურად ხელს უწყობენ საერთაშორისო საზოგადოების უუნარობას ქიმიური იარაღის გამოყენების დიპლომატიური გზებით შეჩერებაში." თქვა მან.

მაკრონის განცხადებით სარაკეტო დარტყმები შესანიშნავად განხორციელდა, თუმცა ეს სირიაზე ომის გამოცხადებას არ ნიშნავს. მისი თქმით კვლავ სურს ყველა მხარესთან დიალოგი, მათ შორის რუსეთთანაც, რათა მოიძებნოს პოლიტიკური გამოსავალი. საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით მომდევნო თვეს ეწვევა.

დონალდ ტრამპმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ აშშ სირიას ძალიან მალე დატოვებდა, როგორც კი ე.წ. ისლამური სახელმწიფო საბოლოოდ დამარცხდებოდა. "დაე ახლა სხვებმა მიხედონ." თქვა ტრამპმა.

მაკრონის თქმით ტრამპი იმაშიც დაარწმუნდა, რომ სარაკეტო დარტყმები შეზღუდული უნდა ყოფილიყო.

"ათი დღის წინ, პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა "აშშ უნდა გამოვიდეს სირიიდან." ჩვენ დავარწმუნეთ ის, რომ უფრო ხანგრძლივად დარჩენა აუცილებელი იყო." "მე დავარწმუნე ის, რომ დარტყმები მხოლოდ ქიმიური იარაღის ლაბორატორიებით უნდა შეგვეზღუდა." თქვა მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში.

მაკრონის კომენტარების შემდეგ თეთრი სახლის სპიკერმა, სარა სანდერსმა თქვა, რომ აშშ-ის მისია არ შეცვლილა და პრეზიდენტს კვლავ სურს სირიიდან ჯარების სწრაფად გამოყვანა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, მიუხედავად რუსეთის გაფრთხილებისა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ ერთობლივი სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. სამიზნეებს ის ლაბორატორიები წარმოადგნედა, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს ამზადებდა.

აშშ-ის განცხადებით სულ 105 რაკეტა გაისროლეს და არც ერთი მათგანი სირიის ძალებს არ ჩამოუგდია. რუსეთის განცხადებით სირიის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ 71 რაკეტა ჩამოაგდო.

გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის თქმით ასადის რეჟიმთან დაკავშირებული რუსული კომპანიებისათვის ახალი სანქციები დაწესდება და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ორშაბათს გაკეთდება.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით დამატებითი სარაკეტო დარტყმები არ იგეგმება, თუმცა გადაწყვეტილებას შეცვლიან, თუ კიდევ გამოიყენებენ ქიმიური იარაღს.

გავრცელებული ცნობით, ვლადიმირ პუტინი ირანის პრეზიდენტს, ჰასან როუჰანის ესაუბრა და თქვა, რომ დასავლეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების გაგრძელება "საერთაშორისო ქაოსს" გამოიწვევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები