საპრეზიდენტო არჩევნები 2018

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გირჩის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე იქნება

გირჩი/Girchi

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. 

ჯაფარიძის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, ის გააორმაგებს თავდაცვის ბიუჯეტს 5 წლის მანძილზე, გააუქმებს სავალდებულო სამხედრო სამსახურს და შეიწყალებს იმ პირებს, რომლებიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიან. ამასთან, მისივე თქმით, ის დაადებს ვეტოს ყველა იმ კანონს, რომელიც იქნება "თავისუფლების შემზღუდავი" და თვეში ერთხელ Facebook Live-ის საშუალებით მინისტრთა ანგარიშებს გააცნობს საზოგადოებას. 

"ორი რამის გააზრებაა მნიშვნელოვანი ამ ბრძოლაში. ერთი, არჩევნების მოგება არის შესაძლებელი იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, ყველაფერი რიცხვებამდე დადის. მე არ მგონია, რომ დღეს გირჩს ჰყავდეს საკმარისი მხარდამჭერი, მაგრამ რისიც მჯერა, არის ის, რომ ოქტომბრამდე ჩვენ შევძლებთ საკმარისი რაოდენობის ადამიანებს ავუხსნათ, რა გვინდა და რატომ არის გირჩი ერთადერთი სწორი არჩევანი. ცხადია, ეს არ იქნება იოლი, მაგრამ გვჯერა, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები, საბოლოო ჯამში, ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებენ. 

მეორე, რისი გააზრებაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება შეუძლია. ანუ, დღეს პრეზიდენტის შესაძლებლობები შეზღუდულია, მომავალ პრეზიდენტს ვერ ექნება გავლენა ბევრ სფეროზე, მაგრამ არ დაიჯეროთ, რომ მას არ ექნება საკმარისი ბერკეტები დიდი ცვლილებებისთვის,"- ამბობს ჯაფარიძე. 

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელშიც გირჩი მონაწილეობას მიიღებს. 

კომენტარები