პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი: ბაქრაძეს სასჯელაღსრულებიდან უაღრესად დადებითი დახასიათება ჰქონდა

0 კომენტარი
ფოტო: პირველი რადიო

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 25 წლის ქალის მკვლელობის ფაქტით შეძრწუნებულია. საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის კიდევ უფრო მძიმეა ეს მოვლენა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე ბრალდებული რამდენიმე თვის წინ თავად შეიწყალა. 

გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, შეწყალების კომისიამ პირველი მიმართვის დროს, ვეფხია ბაქრაძის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

"2014 წლის აგვისტოში ვეფხვია ბაქრაძემ ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო დააკავეს და ორივე დანაშაულისთვის მიესაჯა სასჯელი.

მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისია და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შემოსული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, მათ შორის, სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოცმუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას, ასევე, სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ იყო მითითება რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე.

თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის ოთხი შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ დოკუმენტაციას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ, ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომისიამ მომმართა სრულად გათავისუფლების თაობაზე, მე მხოლოდ სასჯელი გავანახევრე" - თქვა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "მიუხედავად იმისა, მე რომც არ გამენახევრებინა და ეს 6 თუ 7 თვე რომ არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კანონიერად მოიხდიდა სასჯელს", ის მაინც უაღრესად მძიმედ აღიქვამს ამ მოვლენას.

"მძიმედ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამიტომ, დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულებთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას ყველა აქტორთან შეწყალების პროცესის. ეს თავის თავში მოიცავს არამხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეფიციკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით" - აცხადებს პრეზიდენტი და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ვეფხია ბაქრაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან "უაღრესად დადებითი დახასიათება" ჰქონდა.

კითხვაზე, მან იცოდა თუ არა, რომ ექვსჯერ უთხრა შეწყალებაზე უარი უდოს კომისიამ, პრეზიდენტი პასუხობს, რომ "ჩვენ ვერ გვექნებოდა ინფორმაცია უდოდან, რადგან ეს უარი უთხრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრდეთ სასჯელი". თხოვნა ამის შემდეგ შეიტანა.

"აქ საუბარი უარყოფით დახასიათებაზე კი არა, აქ საუბარია უაღრესად დადებით დახასიათებაზე. თუ უდოს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ჩვენ? რატომ გვქონდა ჩვენ დადებითი დასკვნა და თურმე უდოს ჰქონდა უარყოფითი დასკვნა? ჩვენ ხომ ვემყარებით იმ წყაროებს, რომელსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ? ფსიქოლოგის დასკვნას, სოცმუშაკის დასკვნას, ადმინისტრაციის დასკვნას... თუ ამ პიროვნების თაობაზე, ის, რომ უარყოფითად ხასიათდებოდა, იცოდა უდომ, რატომ დაუმალეს შეწყალების კომისიას ეს ინფორმაცია? რატომ გვაქვს ჩვენ ასეთი უაღრესად დადებითი დასკვნა ამ პიროვნებაზე?" - თქვა პრეზიდენტმა.

გამოძიების ინფორმაციით, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვეფხია ბაქრაძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ელენე კალანდაძე

კომენტარები