ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

თოლორაია: მომართვიანობა გამოწვევაა, ოჯახის წევრები მოძალადეზე საჩივრისგან თავს იკავებენ

შსს

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ოჯახში ძალადობის კუთხით გამოწვევად რჩება სამართალდამცავებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი, რადგან ოჯახის წევრები მოძალადის წინააღმდეგ საჩივრის შეტანისგან თავს იკავებენ.

ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ პარლამენტში, გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, სადაც ფემიციდსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე მსჯელობენ.

"გამოწვევად კვლავ რჩება მომართვიანობის მაჩვენებელი, რადგან მოძალადე არის ოჯახის წევრი და თავს იკავებენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ საჩივრის შემოტანისგან. გამოწვევა არის ასევე ისიც, რომ რიგ შემთხვევებში, ემოციების ჩაცხრომის შემდეგ, პირვანდელი ჩვენების გადათქმა და განცხადების უკან გატანა ხდება", - განაცხადა თოლორაიამ.

მისივე თქმით, გამოწვევაა ისიც, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომა აქვთ იმ პირებს, რომელთა მიმართაც შეაქვთ საჩივარი. თოლორაია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.

"არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გამოძიების ეტაპზე ყველაფერი მიდის ნორმალურად, მსხვერპლი კვლავ იმ პოზიციაზეა, თუმცა როცა საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, მსხვერპლი იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, შესაძლოა, სასამართლოში ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ მოცემულობაში და ჩვენდა სამწუხაროდ, გვქონია ასეთი შემთხვევები, როცა პროკურორი რჩება მტკიცებულებების გარეშე. გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, პროცენტულად საკმაოდ მაღალია ოჯახური დანაშაულის შემთხვევებში გამართლებული პირების რაოდენობა, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ იმიტომ, ოჯახის წევრების ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელი იყო, ოჯახის წევრებმა კი უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე", - ამბობს ლონდა თოლორაია.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე ამბობს, რომ პრობლემურია სამართალდამცველებისთვის გვიან მიმართვის საკითხიც.

"მსხვერპლი მოდის ჩვენთან, გვეუბნება, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლემ, მაგრამ ეს განხორციელდა რამდენიმე კვირის ან თვის წინ და რა თქმა უნდა, მის მიმართ ექსპერტიზის ჩატარება გამორიცხულია, ამის გარეშე კი ძალადობის მტკიცება რთულია", - თქვა ლონდა თოლორაიამ.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ცნობიერების ამაღლებისთვის სხვადასხვა ღონისძიებაა გასატარებელი.

კომენტარები