ფინანსები

მითები და ტყუილები ბანკების მოგების შესახებ

"ესენი არიან კლასიკური, ძველი ყაიდის, ყველაზე უარესი გაგებით, მევახშეები, რომლებიც სისხლს სწოვენ თითოეულ ქართულ ოჯახს, საქართველოს ეკონომიკას. ატარებენ ანტიქართულ, ანტიეროვნულ პოლიტიკას", - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"ბანკების მიერ ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული მოსახლეობისთვის თავზე სესხების მოხვევაში", - ამბობს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

რატომ ღირს სესხი იმდენი, რამდენიც ღირს?

დავუშვათ, გაქვთ 10,000 ლარი და ფიქრობთ, რომ ის ანაბარზე შეინახოთ. ამ დროს თქვენ ორი სურვილი გაქვთ: პირველი - თქვენი ფული ინახებოდეს სანდო ბანკში, რომლის გაკოტრების შანსიც დაბალია. და მეორე, თქვენ გინდათ, რომ ამ ფულს ადეკვატური სარგებელი დაერიცხოს. სწორედ ადეკვატური სარგებლის მიღების სურვილი არის ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ფაქტორი. სარგებელის ადეკვატურობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს არის ინფლაციის დონე, ბიზნესში კაპიტალზე საშუალო ამონაგები და ასე შემდეგ.

დღეისათვის საქართველოს საბანკო ბაზარზე ორი უმთავრესი მოთამაშეა. სწორედ ეს ორი მოთამაშე ითვლება ყველაზე სანდოდ, რადგანაც ისინი ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილები. შესასაბამისად, აკმაყოფილებენ არამხოლოდ ქართული საბანკო ზედამხედველობის, არამედ საფონდო ბირჟის ზედამხედველობის მოთხოვნებსაც. ეს გარემოება მათ, სხვა ბანკებთან შედარებით, დიდი მოცულობის კაპიტალის მოზიდვაში უწყობს ხელს. სწორედ ეს კაპიტალი აძლევს TBC-ისა და საქართველოს ბანკს საშუალებას, გასცენ უფრო მეტი სესხი, ვიდრე სხვა ბანკებმა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2010-2017 წლებში სესხების საპროცენტო განაკვეთები 7-8%-ით შემცირდა, ეს კი ზოგიერთი საბანკო პროდუქტის ღირებულების განახევრებას წარმოადგენს.

საკრედიტო რისკი:

საკრედიტო რისკი არის ალბათობა, რომ კრედიტორმა ბანკის წინაშე აღებული ვალდებულება ვერ შეასრულოს. რაც უფრო მაღალია საკრედიტო რისკი, მით მაღალია საპროცენტო განაკვეთიც.

საკრედიტო, ანუ ვადაგადაცილებისა და დეფოლტის რისკი მისი წარმოშობის მიხედვით, რამდენიმე სახედ იყოფა:

კონცენტრაციის რისკი - როდესაც ბანკის მიერ გაცემული სესხების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ეკონომიკის ერთ რომელიმე სექტორში, მაგალითად მშენებლობაში, ან ერთი ჰოლდინგის კუთვნილ კომპანიებში, ან ერთ რეგიონში, ამ დროს აღნიშნული სექტორის ან კომპანიების კრიზისში შესვლამ, შესაძლოა, ბანკს პრობლემა შეუქმნას. ამიტომაც, ბანკებს დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის ქონა ესაჭიროებათ, რათა ერთმა კონკრეტულმა შოკმა მათ პრობლემები არ შეუქმნას. თუმცა, სექტორების მიხედვით დივერსიფიცირება მარტივი არ არის, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ბანკს სხვადასხვა სექტორის დაფარვისთვის შესაბამისი პერსონალი და დეპარტამენტები უნდა ჰქონდეს.

ქვეყნის რისკი - რისკი იმისა, რომ ქვეყანაში, რომელშიც ბანკი საქმიანობს, ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს. ამ რისკს განეკუთვნება მაღალი ინფლაცია, სავალუტო კრიზისი, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუარესება. სუვერენული რეიტინგი განსაზღვრავს განაკვეთს, რასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირებისას უყურებენ. რეიტინგის გაუარესება ინვესტიციების შემცირებასა და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირებაში აისახება, რაც ქვეყანაში სესხების გაძვირებას იწვევს.

სავალუტო რისკი - უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს თან სავალუტო რისკიც ახლავთ. უცხოური ვალუტის სესხები საქართველოში უფრო იაფია, ვიდრე ლარის სესხები. ამას ობიექტური მიზეზი აქვს - ანაბრების ⅔-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია, შესაბამისად, ბანკებს დოლარის გაცემა უფრო იაფად შეუძლიათ. თუმცა, უცხოური ვალუტის სესხებს სავალუტო რისკიც ახლავთ. კურსის მკვეთრი ცვლილების გამო მსესხებლებმა თანხა შეიძლება, ვერ დააბრუნონ, რამაც, შესაძლოა, ბანკს პრობლემა შეუქმნას.

ბანკები ამ რისკების მართვისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. აქვთ შემოსავლების დადასტურების მკაცრი მოთხოვნები, დაბალანსებული საკრედიტო პორტფელი და ასე შემდეგ. ამ რისკის სამართავად, დისციპლინარული სასჯელებიც გამოიყენება, ისევე, როგორც ჯარიმები და საურავები.

ფულის დროში ღირებულება - რატომ არ არის სესხების საპროცენტო განაკვეთი 5%?

როდესაც თქვენ ბანკში ხსნით ანგარიშს, ამ ფულით ქვეყნის ეკონომიკას განვითარებაში ეხმარებით, რადგანაც თქვენი დეპოზიტი ბანკის ხელში სხვის კრედიტად გადაიქცევა. თქვენი ფული, შესაძლოა, მცირე მეწარმეს ბიზნესის გაფართოებაში დაეხმაროს, ან ოჯახს ბინის გარემონტებაში, ანდაც სტუდენტს ახალი სმარტფონის შეძენაში.

თუმცა, თქვენ ბანკში ფული ალტრუიზმის მოტივით არ შეგაქვთ. ბანკში შეგაქვთ ფული, რათა მას საპროცენტო სარგებელი დაერიცხოს და თქვენი დანაზოგი მომავალი წლისთვის, მინიმუმ, იმაზე მეტად გაიზარდოს, ვიდრე ინფლაციის ტემპი. 

დავუშვათ, გაქვთ 100 ლარი. ეს 100 ლარი რომ ერთი წლის განმავლობაში ხელუხლებლად დადოთ, მართალია, კუპიურა არ შეიცვლება, მაგრამ მისი მსყიდველობითი უნარი შეცვლილი იქნება. თქვენ ერთი წლის შემდეგ მიიღებთ კუპიურას, რომლის მსყიდველობით უნარიც, დღეის მდგომარეობით, 95 ლარი იქნება (5.2%-იანი ინფლაციის შემთხვევაში). იმისთვის, რომ დღევანდელი და ერთი წლის შემდგომი 100-ლარიანის მსყიდველობითი ღირებულება თანაბარი იყოს, ის მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად უნდა გაიზარდოს. 5%-იანი ინფლაციის შემთხვევაში, დღევანდელი 100-ლარიანის მსყიდველობითი ძალა 105 ლარს ექნება.

მაგრამ თქვენ ბანკში ფულს არც იმისთვის დებთ, რომ მან მხოლოდ მსყიდველუნარიანობა შეინარჩუნოს, თქვენ დამატებითი სარგებლის მიღებაც გინდათ. შესაბამისად, სარგებელი 5%-ზე მაღალი უნდა იყოს.

თუ თქვენ წელს ბანკში დებთ 100 ლარს, მზად ხართ, რომ ამ ფულის გამოყენებაზე მთელი ერთი წლით თქვათ უარი, რათა გაისად 110 ლარი აიღოთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს დეპოზიტზე სარგებელი არის 10%. ბანკს ამ ფულის მოტანა მხოლოდ ერთი გზით შეუძლია - ეს არის მიღებული დეპოზიტის კრედიტად გაცემა. რა ფასად (საპროცენტო განაკვეთად) გასცემს ახლა ბანკი თქვენს 100-იანს, თუ თქვენ ერთი წლის შემდეგ 110 ლარის დაბრუნებას ელოდებით?

პასუხი 10% ვერ იქნება, რადგანაც ამ შემთხვევაში ბანკს ამ ტრანზაქციიდან არ რჩება არცერთი თეთრი, და უფრო მეტიც, ის წაგებაშია, რადგანაც ამ დროს ასეთი სესხი არ შეიცავს არც საოპერაციო ხარჯს, არც სავალდებულო რეზერვის მოთხოვნას, არც კაპიტალის ლიკვიდობის მოთხოვნას, არც მოგების მარჟასა და არც საკრედიტო რისკს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინფლაცია ასევე ახდენს გავლენას სესხებზე. 5%-იანი ინფლაციის შემთხვევაში, თუ თქვენ ბანკიდან გამოიტანეთ 100 ლარი ერთი წლის ვადით და ერთი წლის შემდეგ დააბრუნეთ 105 ლარი, იმის მიუხედავად, რომ თქვენ ბანკს 5%-იანი საპროცენტო სარგებელი გადაუხადეთ, მაინც გამოდის, რომ ბანკმა ეს ფული უფასოდ მოგცათ, რადგანაც იმ ხუთი ლარით ბანკს მხოლოდ ინფლაციის ღირებულება დაუფარეთ.

რეგულაციური ტვირთი

საფინანსო სექტორი რეგულირებადი ბიზნესია. რეგულაციები არის შემოღებული იმისთვის, რომ მეანაბრეთა საკუთრების უფლება მათ ფულზე დაცული იყოს. შესაბამისად, ცენტრალური ბანკები კომერციულ ბანკებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებენ, რომ ბანკებმა არ გასცენ ისეთი რისკიანი სესხები, რომლითაც დეპოზიტორთა ფულს საფრთხე შეიძლება, შეექმნას. რისკიანი კრედიტების გაცემა თავად კეთილსინდისიერი ბანკის ინტერესშიც არ შედის, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა სახელმწიფო რეგულაცია ასეთ სესხებზე. თუმცა, რეგულაციების არსებობის გამო, კომერციულ ბანკებს უწევთ, დააკმაყოფილონ მთელი რიგი მოთხოვნებისა, რათა შეინარჩუნონ საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

მაგალითად, როდესაც თქვენ ბანკში შეგაქვთ დეპოზიტი, კომერციულ ბანკს არ შეუძლია, სრულად გაასესხოს ის. ამჟამად მოქმედი ნორმის მიხედვით, თუ ბანკში დეპოზიტზე შეიტანეთ 100 ლარი, ამ 100 ლარიდან ბანკმა 7 ლარი ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე უნდა შეინახოს. თუ ბანკში 100 დოლარი შეიტანეთ, ამ 100 დოლარიდან 20 დოლარი ბანკმა ეროვნულ ბანკში უნდა შეინახოს. ამას მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ეწოდება და ის საბანკო სისტემაში ლიკვიდობის პრობლემის თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.

შესაბამისად, ბანკისთვის თქვენი დეპოზიტის მხოლოდ ნაწილია რეალურად ხელმისაწვდომი. ანუ 100 დოლარიდან 80 დოლარი. სწორედ ამ 80 დოლარის გასესხებით უნდა დაგიბრუნოთ თქვენ სარგებელი, გადაიხადოს გადასახადები, გასცეს ხელფასები და მიიღოს მოგება.

საპროცენტო განაკვეთი ვერ ჩავა იმაზე ქვემოთ, რაც დეპოზიტარების ამონაგებზე ნაკლებია. თავად დეპოზიტართა ამონაგები კი, ვერ ჩავა ინფლაციაზე ქვემოთ, რადგანაც ამ დროს დაზოგვას აზრი ეკარგება. თავად ბანკიც ვერ გასცემს სესხებს ინფლაციაზე ნაკლებად, რადგანაც ამ დროს გამოვა, რომ ბანკმა ფული გაჩუქათ.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში, მისი დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ინფლაციაა, ის განაკვეთი, რაც დეპოზიტებმა (ლარში) მინიმუმ უნდა გადალახონ, რათა დაზოგვას აზრი ჰქონდეს, იმაზე მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, სესხებზე საპროცენტო განაკვეთებიც უფრო მაღალია.

რატომ არის პოლიტიკოსების პოპულისტური განცხადებები მცდარი?

ბანკები მათი საოპერაციო საქმიანობიდან უფრო მეტ პროცენტს იტოვებდნენ წარსულში, ვიდრე ახლა. ამის დანახვა შესაძლებელია მარტივად, თუ ბანკების მიერ გაცემული მთლიანი სესხების საპროცენტო განაკვეთს გამოვაკლებთ ბანკებში არსებული ანაბრების საპროცენტო სარგებელს. ამას საპროცენტო განაკვეთებს სპრედს უწოდებენ და ის კარგად ასახავს საბანკო სექტორის საქმიანობის მოდელს.

რაც უფრო დიდია სხვაობა სესხებისა და ანაბრების პროცენტებს შორის, ეს ნიშნავს, რომ ბანკი მოგებისთვის, საოპერაციო საქმიანობისა თუ საკრედიტო რისკისთვის უფრო მეტ ფულს იტოვებს. რაც უფრო ნაკლებია ანაბრებსა და კრედიტებს შორის სპრედი, მით უფრო მცირეა ის თანხა, რასაც ბანკი საკუთარი საოპერაციო საქმიანობისთვის იტოვებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში საპროცენტო სპრედი მცირდება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2016 წელს სესხებსა და ანაბრებს შორის საშუალო საპროცენტო სხვაობა მხოლოდ 2.4%-ია. 2010 წელს სპრედი ამაზე 2-ჯერ მაღალი იყო და 5%-ს შეადგენდა. ანუ ადრე ბანკები საკუთარი საოპერაციო საქმიანობისთვის და მოგების მისაღებად მათი საქმიანობიდან უფრო მეტ ფულს იტოვებდნენ, ვიდრე ახლა.

სპრედის შემცირება პირველ რიგში საბანკო სექტორის სტაბილურობასა და მის განვითარებაზე მეტყველებს.

რამ განაპირობა კომერციული ბანკების აქტივებისა და მოგების მკვეთრი ზრდა უკანასკნელ წლებში

საქართველოში გადასახადების გადახდა და ოფიციალური სტატისტიკის აღრიცხვა ხდება ეროვნულ ვალუტა - ლარში. 2014 წლის ბოლოს ქვეყანაში სავალუტო კრიზისი დაიწყო, რის შედეგადაც, ლარი 60%-ით გაუფასურდა.

საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული ანაბრების ⅔-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. ლარის გაუფასურებამ ამ ანაბრების ზომა (ლარში გამოხატული) მნიშვნელოვნად გაზარდა. ანაბრებთან ერთად, სასესხო პორტფელის ⅔-იც უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. შესაბამისად, თუ 100 დოლარის სესხზე 2014 წელს პირი თვეში 10 დოლარს ანუ 16.6 ლარს იხდიდა, ახლა 24 ლარს იხდის. შესაბამისად, სასესხო შემოსავლები გამოხატული ლარში ასევე გაზრდილია.

გაცვლითი კურსის ეფექტს დაემატა საფინანსო სექტორის რეალური ზრდაც, ამ ორივე კომპონენტმა ლარებში საბანკო სფეროს ზომის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

მონეტარული პოლიტიკის გავლენა სესხის ღირებულებაზე

საქართველოში საფინანსო სექტორის ზედამხედველი ეროვნული ბანკია. სწორედ ეროვნული ბანკი აწვდის კომერციულ ბანკებს ლარის რესურსს. სებ-ს შეუძლია კომერციულ ბანკებს გაუძვიროს ან გაუიაფოს ფულის მიწოდება. ამას სებ-ი რეფინანსირების სესხებით აკეთებს. რეფინანსირების სესხი არის მოკლევადიანი სესხი, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს. ბაზარზე ფულის მიწოდების გაძვირება/გაიაფებით ეროვნულ ბანკს ინფლაციის მართვა შეუძლია.

საქართველოში მოქმედ მონეტარული პოლიტიკის მოდელს ინფლაციის თარგეთირება ეწოდება. ამ დროს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინფლაციის სასურველ მაჩვენებელს და მის მისაღწევად ამკაცრებს/არბილებს მონეტარულ პოლიტიკას, ანუ აძვირებს/აიაფებს იმ სესხებს, რომლებსაც კომერციულ ბანკებზე გასცემს.

ამ გზით, ეროვნული ბანკი ბაზარზე ფულის მიწოდებას აკონტროლებს. შერბილებული მონეტარული პოლიტიკის დროს, ბანკებში განაკვეთები დაბლა იწევს, გამკაცრების დროს კი - მაღლა. დღეისათვის ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა აქვს. სებ-მა ბოლო სხდომაზე განაკვეთი 7%-ზე დატოვა. ეს ნიშნავს, რომ ლარში ქართულ საბანკო დაწესებულებებში არსებული სესხების განაკვეთი 7%-ზე ნაკლები ვერ იქნება.

2013 წელს, იქამდე, სანამ ქვეყანაში სავალუტო კრიზისი დაიწყებოდა, მონეტარული პოლიტიკა შერბილებული იყო და მისი განაკვეთი 3.75%-ს შეადგენდა.

რამდენად რისკიანია საქართველო?

ქვეყნის რისკი საკრედიტო რისკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ის მეტწილად განსაზღვრავს კიდეც ქვეყანაში სესხების განაკვეთებს. იმას, თუ როგორია რისკი სხვადასხვა ქვეყანაში, მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები Moody’s, Fitch-ი და S&P განსაზღვრავენ. Fitch-ის შეფასების სკალით საქართველოს ქულა არის BB-, ხოლო Moody’s-ის სკალით Ba2. იმის უკეთ დასანახად, თუ სად არის საქართველო, წარმოგიდგენთ ამ შეფასების სრულ სკალას.

Fitch-ის მიხედვით:

  • AAA აშშ, დანია, სინგაპური, გერმანია, ავსტრალია, შვეიცარია;
  • AA+ ავსტრია, ფინეთი, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია;
  • AA საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, ტაივანი;
  • AA- მხოლოდ სამხრეთ კორეა;
  • A+ ჩილე, ჩინეთი, ისრაელი;
  • A ირლანდია, იაპონია, გაერთიანებული საემიროები;
  • A - ლატვია, ლიტვა, პოლონეთი;
  • BBB+ იტალია, მექსიკა, პერუ;
  • BBB ყაზახეთი, პანამა, ბაჰრეინი;
  • BBB- აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ინდოეთი;
  • BB+ პორტუგალია, თურქეთი, სამხრეთ აფრიკა;
  • BB მხოლოდ ბრაზილია და ხორვატია;
  • BB - აქ არის საქართველო, გაბონი, ნიგერია და სხვები;
  • B+ განა, მონღოლეთი, ვიეტნამი, კენია;
  • B ეკვადორი, კამერუნი და სხვები;
  • B- იამაიკა, ანგოლა, მონღოლეთი;
  • CCC გამბია, თურქმენეთი;
  • DD
  • D

BB-ის ქვემოთ არსებულ შეფასებას Junk-ს ანუ ნაგავს უწოდებენ.

კომენტარები