ქურდობა

შსს: სახლიდან ანტიკვარული ნახატები, სკამები, სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე მოიპარეს

REUTERS

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან ანტიკვარული ნახატები, სკამები, ხალიჩა, ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე და გემის ანტიკვარული საჭე მოიპარა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა და ძვირადღირებული ანტიკვარული ნივთები მოიპარა: რუსი პორტრეტისტის, ორესტ კიპრენსკის მიერ 1817 წელს შესრულებული ნახატი, უცნობი ავტორის მიერ შესრულებული, ასევე, ანტიკვარული ნახატი, "მერსედესის" მარკის ავტომანქანის სპილოს ძვლის მოოქროვილი საჭე, 8 ანტიკვარული სკამი, გემის ანტიკვარული საჭე, ხალიჩა და სხვა", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 1987 წელს დაბადებული გ.ს.-ა.

შსს-ში ასევე ამბობენ, რომ პოლიციამ დაკავებულის ავტოფარეხის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

"გამოძიების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ნივთები კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება", - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი). დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები