ჭიაბერაშვილი: მცირე ბიზნესისთვის დღგ-ის ბრუნვის ზღვარი 200,000 ლარამდე უნდა გაიზარდოს

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ტაბულა

ევროპულმა საქართველომ პარლამენტში მცირე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკუთარი ვერსია წარადგინა.

"გაუარესებული ეკონომიკური გარემოთი დაზარალებულ მცირე და საშუალო ბიზნესს ვერ უშველის ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საგადასახადო ცვლილება. აუცილებელია დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა 100,000 ლარიანი ზღვრიდან 200,000 ლარამდე გაიზარდოს. ამ ზღვრის აწევა მცირე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია,” - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობას რომ მცირე ბიზნესისთვის რეალური შეღავათის მიცემა უნდოდეს, მაშინ მიკრო ბიზნესისთის არსებულ შეღავათს - არ დაიბეგროს საერთოდ - გაავრცელებდა მცირე ბიზნესზე, როგორც ეს ევროპული საქართველოს საკანონმდებლო ინიციატივაშია მოცემული.

"იმ 1%-ის დატოვებით და არა განოლებით, როგორც ამას ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს, კვირიკაშვილი საგადასახადო ინსპექციას ისევ უტოვებს მცირე ბიზნესის შემოწმების ბერკეტს. ამ 1%-ით იმდენად მცირე თანხა შევა ბიუჯეტში, რომ მას ფისკალური ეფექტი არც აქვს. უბრალოდ, კვირიკაშვილს უნდა, მთავრობას დარჩეს ბიზნესის კონტროლის ეს მექანიზმი,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ევროპული საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.

კომენტარები