ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე გასულ წლებში

ბიძინა ივანიშვილი
AFP

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა. ის კვლავ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე იქნება. ბიძინა ივანიშვილი სხვადასხვა დროს გამორიცხავდა პოლიტიკაში დაბრუნებას და აცხადებდა, მისი დაბრუნება "მეორედ მოსვლა" იქნებოდა.

2013 წლის 9 სექტემბერი

"მე მოვახერხე და ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკიდან გავისტუმრე. ჩემი მისია შევასრულე. საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში მეც მივდივარ პოლიტიკიდან. ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. მე შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მოვახერხე ცვლილებები. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს. ვფიქრობ, ჩემი ახალი როლი უფრო საინტერესო იქნება. მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ".

2015 წლის 28 იანვარი

"ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. თუ რაღაც უბედურება დატრიალდა საქართველოში. ერთ-ერთმა ექსპერტმა ბრძანა, რომ მას არ უყვარს პოლიტიკაში ყოფნა და იმიტომ წავიდაო. მე საერთოდ არ მიყვარდა საჯაროობა, მაგრამ რომ დასჭირდა ქვეყანას, მოვედი. მოვედი ყველაზე რთულ დროს და დრეს რა შემიშლის ხელს, თუ ამის აუცილებლობა დადგება, როდესაც გაცილებით იოლი და მარტივია ხელისუფლებაში ყოფნა".

2015 წლის 30 აპრილი

"რატომ უნდა დავბრუნდე, ამის მიზეზი არ ჩანს".

2015 წლის 18 ივნისი

"[პოლიტიკაში დავბრუნდები] თუ მთავრობამ მოახერხა და საზოგადოების მოსმენა შეწყვიტა, და საზოგადოება რასაც დღეს ახერხებს კონტროლს... საზოგადოება აკონტროლებს დღეს ხელისუფლებას... თუ მოხდა ამ დისბანლანსის დარღვევა, მოხდა რაღაც ის, რომ მოახერხეს, რაც მოახერხა ნაციონალურმა მოძრაობამ, მსგავსი რაღაც თუ მოხდა ასეთი კატაკლიზმა, რასაც მე ვერ ვხედავ, არ ვუყურებ ისე, რომ მოვლენები ასე განვითარდეს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ. საბედნიეროდ, არ ჩანს ჩემი დაბრუნების საჭიროება და არც დავბრუნდები ასეთ შემთხვევაში. 

...მე მგონია, რომ მაგის სიტუაცია არ არის დღეს. მე განმიცხადებია ხშირად და გავიმეორებ დღესაც, უნდა მოხდეს რაღაც... ცუდი სიტუაცია უნდა დატრიალდეს პოლიტიკური - რომ ვხედავთ, რომ საზოგადოება ვეღარ ახერხებს კონტროლს და ხელისუფლება გავიდა თამაშიდან, ასე ვთქვათ, რაც ჩვენ გვქონდა უკვე და კარგად ვიცით გუშინდელი დღიდან და რაღაც ამის მსგავსი უბედურება თუ მოხდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება. მე ვერ ვხედავ დღეს ამის ნიშნებს. მე ვერ ვხედავ დღეს საბედნიეროდ ამის ნიშნებს, საზოგადოებამ კარგად აკრიფა, თქვენც კარგად, ჟურნალისტებმა. მთავრობაც თვითონ ცდილობს და იციან, რომ თამასა ძალიან მაღლაა აწეული".

2015 წლის 21 ივლისი

"ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ - პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება - დღევანდელი მთავრობა ხალხს აღარ მოუსმენს, მოხდება მსგავსი უზურპაცია ხელისუფლების, რაც მოხდა სააკაშვილის დროს. არაფერი ამის მსგავსი არ ჩანს. ჩვენ დღეს გვყავს სახალხო ხელსუფლება, ჩემი აზრით. გვყავს კარგი პრემიერი, კარგი პარლამენტის თავმჯდომარე და არაფერი ამის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობა გახდეს საჭირო. მე ვარ, ვთქვათ, კარგი სათადარიგო მოთამაშე. თუ რაღაც, ღმერთმა დაგვიფაროს, მოხდა ისეთი კატაკლიზმა - სააკაშვილისებური რაღაც მოიფიქრეს, მოახდინეს უზურპაცია ხელისუფლების და ხალხს აღარ უსმენს და საზოგადოებას აღარ უსმენს და დაიწყეს ძალადობა მსგავსი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება... მადლობა ღმერთს, რომ არაფერი ამის ნიშნები არ ჩანს და ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლებაა დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იდეალური არ არის".

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა. მიუხედავად იმისა, ივანიშვილი თითქმის ყველა არჩევნების წინ საჯაროდ უჭერდა მხარს ქართულ ოცნებას, ხოლო 2016 წელს ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში და რეგიონებში შეხვედრებს მართავდა. 

კომენტარები