NDI-ის კვლევა

NDI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ეთანხმება ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ხოლო 37% არ ეთანხმება. 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

2017 წლის აპრილის მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 52% მიიჩნევდა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. მოსაზრებას არ იზიარებდა 43%, ხოლო 5%-ს კითხვაზე პასუხი არ ჰქონია. 

ამასთან, ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს, 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

საქართველო - 16%
რუსეთი - 13%
არც ერთი - 13%
აზერბაიჯანი - 3%
თურქეთი - 2%
გერმანია - 1%
სომხეთი - 1%
დიდი ბრიტანეთი - 1%
საფრანგეთი - 1%
ჩინეთი - 0%
სხვა - 2%

ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთთან დაკავშირებული ფაქტორები (63%) წარმოადგენს.

კერძოდ, გამოკითხულთა 33% ყველაზე დიდ საფრთხედ რუსულ აგრესიად თვლის, 11% - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, 7% - რუსულ პროპაგანდას, ხოლო 2% - ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე.

ამასთან, 9%-ის აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე ტერორიზმია, ხოლო 5%-ის თქმით - თურქეთის ინტერესები საქართველოში. რელიგიურ დაპირისპირებას საფრთხედ მიიჩნევს 4%, Nato-ს და ევროკავშირში გაწევრიანებას - 3%, ეთნიკურ დაპირისპირებებს - 2%.

გამოკითხულთა 26% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატოში გაწევრიანება დაეხმარება. 17%-ის აზრით კი, საქართველოს "საკუთარი ძალებით თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დაეხმარება". იმავე კითხვაზე ევროკავშირი უპასუხა გამოკითხულთა 10%-მა, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება - 7%, აშშ-თან თანამშრომლობა - 6%, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება - 4%, ნატოს სამხედრო ბაზის საქართველოში განთავსება - 3%, პრორუსული კურსის გატარება - 3%, სამხედრო ორგანიზაციებში წევრობაზე უარის თქმა - 1%, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმა - 1%, სხვა - 1%, არც ერთი - 5%, არ ვიცი - 16%, უარი პასუხზე - 1%. 

ახალი კვლევის თანახმად, გაზრდილია მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთი მისი მეზობელი ქვეყნებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. გამოკითხულთა 61% იზიარებს ამ მოსაზრებას, ხოლო 19% მიიჩნევს, რომ რუსეთი მცირე საფრთხეს წარმოადგენს. გამოკითხულთა 9%-ის აზრით, რუსეთი საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს, ხოლო 10%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

2017 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, 57% მიიჩნევდა, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, 21%-ის აზრით, მცირე საფრთხეს წარმოადგენდა, ხოლო პასუხი "საერთოდ არ წარმოადგენს საფრთხეს", გამოკითხულთა 11%-მა აირჩია. 10% კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. 

ამასთან, გასულ წელთან შედარებით, 5%-ით შემცირდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ქვეყნისთვის კარგი მოვლენა იყო და ასე მხოლოდ 43% მიიჩნევს. საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად კვლავ 42% მიიჩნევს, ხოლო 14%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 



კითხვაზე, "თქვენი აზრით, ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაუმჯობესდა, იგივე დარჩა თუ გაუარესდა?" 22% პასუხობს, რომ გაუმჯობესდა, 49% - იგივე დარჩა, გაუარესდა - 19%, არ ვიცი - 10%.





კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები