ქრთამის აღება

სასამართლომ ქრთამის აღებისთვის საკრებულოს ყოფილ წევრს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ თბილისის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ზურაბ ნეფარიძეს გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"დადასტურდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ. ბიუროში დასაქმებული პირის დახმარებით ბიუროს ოთხ თანამშრომელს, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს. აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ 2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებს ქრთამის სახით 16 040 ლარი გამოსძალა" - აცხადებს პროკურატურა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ზურაბ ნეფარიძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს.

"ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ., რითაც ის 2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს" - აცხადებს პროკურატურა.

ზურაბ ნეფარიძე 2017 წელს დააკავეს. ის თბილისის საკრებულოში "ეროვნული ფორუმის" წევრი და ნავთლუღის მაჟორიტარი იყო.

კომენტარები