ჰომოფობია

30-მდე NGO სოფიო კილაძის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს

0 კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაციები

30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდიმარის თანამდებობიდან სოფიო კილაძის გადადგომას ითხოვს.

ამის შესახებ საუბარია NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სოფიო კილაძის გამონათქვამებმა თუ ინიციატივებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. კრიტიკას ვერ უძლებს მის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ინიციატივებთან დაკავშირებით და საჯარო დისკუსიებისას მის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია. მისი დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ. მთლიანობაში, კომიტეტის თავმჯდომარის საქმიანობა და საჯარო განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ მისი პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

NGO-ები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა, რომელიც ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოა, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის დამკვიდრებასა და მისი აღსრულების მონიტორინგის პროცესში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. მათი განცხადებით, სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად მოქმედებს პარლამენტში სპეციალური კომიტეტი, რომლისთვისაც ამოსავალ წერტილს ადამიანის უფლებები უნდა წარმოადგენდეს.

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისთვის, როგორც კანონპროექტების, ისე პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვის პროცესში ამოსავალ წერტილს უნდა წარმოადგენდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და მჭიდრო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმატებული საქმიანობისათვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მისი როლისა და ფუნქციის სრულფასოვანი გააზრება და საქმიანობის შესაბამისად წარმართვა. მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მათი უფლებების დამცველია", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა დატოვოს თანამდებობა და კომიტეტის თავმჯდომარედ შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე მართებული ხედვა და რომლის მიზანიც საქართველოში სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა იქნება.   

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • მწვანე ალტერნატივა
  • საზოგადოება და ბანკები
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • საფარი
  • ქალთა მოძრაობა
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  • ქალთა ფონდი საქართველოში
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RICG)
  • თანასწორობის მოძრაობა
  • ქალები საერთო მომავლისთვის-საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • თემიდა
  • საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები
  • იდენტობა
  • ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  • სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის აღნიშვნა გაწერილი იყო, თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ გუშინ, 30 აპრილს თქვა, რომ "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა".

ამას ლგბტ აქტივისტების აქცია მოჰყვა, სადაც მათ კილაძის გადადგომა მოითხოვეს. იქვე გაიმართა ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფის კონტრაქციაც, რომლებმაც ლგბტ აქტივისტებს კვერცხები დაუშინეს. აქციის სამი მონაწილე დაკავებულია.

აქტივისტები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომასაც დაესწრნენ, თუმცა თავმჯდომარისგან ვერ მიიღეს პასუხები კითხვებზე - რატომ ამოიღეს სამოქმედო გეგმიდან 17 მაისის აღნიშვნა და "არის თუ არა ლგბტ ადამიანის უფლებები ადამიანის უფლებები". ამის შემდეგ მათ სხდომა დატოვეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები