დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის პარლამენტმა "მაგნიტსკის აქტის" მსგავსი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

0 კომენტარი
ფოტო: Parliamentary Copyright

დიდ ბრიტანეთში კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს "მაგნიტსკის აქტის" მსგავს კანონს, რომელიც დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს სანქციები დააწესოს ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებისათვის.

შესწორება ახალი სანქციებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებულ კანონში შევიდა და მას მხარი მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ და ოპოზიციამ დაუჭირა.

აქტი უშუალოდ რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა ის დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული იარაღით მოწამვლას მოჰყვა, რაშიც დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით წამოაყენა პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ინიციატივა, კანონში შეეტანათ "მაგნიტსკის აქტის" მსგავსი ცვლილება. მსგავსი ინიციატივით გამოვიდა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯონ მაკდონელიც.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საკანონმდებლო ცვლილებას მნიშვნელოვანი მომენტი უწოდა.

"ეს საშუალებას მისცემს დიდ ბრიტანეთს იმოქმედოს მათ წინააღმდეგ, ვინც მსოფლიოს მასშტაბით სერიოზული კანონდარღვევებისთვისაა პასუხისმგებელი. დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს მსოფლიოს მასშტაბით." დაწერა მან Twitter-ზე.

"მაგნიტსკის აქტი" 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. თავდაპირველად ამ კანონით სავიზო და ფინანსური სანქციები იმ ადამიანებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში.

სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კორუფციაში ამხილა. ის დააპატიმრეს და წინასწარ პატიმრობაში 358 დღის მანძილზე იმყოფებოდა. მაგნიტსკი 2009 წელს პატიმრობაში მოკლეს. რუსეთის ხელისუფლებამ ის პირები ვინც მაგნისტკის დაპატიმრებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ დააჯილდოვა.

2015 წელს სენატმა კანონის გაფართოვებას დაუჭირა მხარი და ის ცნობილი გახდა როგორც "მაგნიტსკის გლობალური აქტი". კანონი აშშ-ს პრეზიდენტს აძლევს უფლებას სანქციები დააკისროს ადამიანის უფლებათა დამრღვევებს მთელს მსოფლიოში. სანქციები როგორც სავიზო შეზღუდვებს ასევე ფინანსური ანგარიშების გაყინვასა და ქონების დაყადაღებასაც გულისხმობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები