ნარკოდანაშაული

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული მხოლოდ ე.წ. "ბიოს" გაყიდვას აღიარებს

შსს

ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებული ნინო გეგელაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, გიორგი გოგებაშვილი კი არა. მათი ადვოკატის განცხადებით, გოგებაშვილის მანქანიდან სამართალდამცავებს ნარკოტიკი არ ამოუღიათ, გეგელაშვილი კი ამბობს, რომ მას ჰეროინი არასდროს გაუსაღებია და ყიდდა მხოლოდ ე.წ. "ბიოს".

ამის შესახებ ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში ისაუბრა, სადაც მოსამართლემ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გიორგი გოგებაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და ნინო გეგელაშვილისთვის 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვს.

"გიორგი გოგებაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. რაც შეეხება ნინო გეგელაშვილს, მან წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ. ფსიქოტროპული ნივთიერება ამოღებულია მხოლოდ და მხოლოდ ნინო გეგელაშვილის მანქანიდან. მანამდე არის გაკეთებული ორი საკონტროლო შესყიდვა, სანამ გეგელაშვილს დააკავებდნენ. ეს ხდებოდა ჩანერგილი პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ახდენდა თანხების გადახდას და შესაბამისად, მერე ნარკოტიკების აღებას. საუბარია ერთ შემთხვევაში ჰეროინზე და მეორე შემთხვევაში ბუპრენორფინზე. გეგელაშვილი ამაშიც არ ცნობს თავს დამნაშავედ და კეტეგორიულად აცხადებს, რომ ჰეროინი და ბუპრენორფინი მას არასოდეს გაუსაღებია. ჰყიდდა მხოლოდ ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებას, ე.წ. ბიოს", -ამბობს ადვოკატი მარიკა ფხალაძე.

პროკურორი, ირინა ჩოჩია კი აცხადებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრლადებულებმა გაასაღეს ჰეროინი და ბუპრენორფინი, მესამე შემთხვევაში კი თქვეს, რომ მხოლოდ ე.წ. "ბიო" აქვთ დარჩენილი.

"არის მოპოვებული, ამობეჭდილია და საქმეს ერთვის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც მიმოწერაა გამსაღებლებთან. იყო შეკითხვა, თუ რა ნარკოტიკულ საშუალებებს ფლობდნენ ისინი, მათი პასუხია, რომ ყველანაირს. პირველ შემთხვევაში მათ მოახდინეს ჰეროინის გასაღება, შემდეგ ბუპრენორფინის. ბოლოს, როცა მოხდა მესამე საგამოძიებო ექსპერიმენტი, მაშინ მიწერეს, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. ბიო ჰქონდათ დარჩენილი. მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ისინი მომავალში არ აპირებდნენ ამ მარაგის შევსებას", - აცხადებს ირინა ჩოჩია.

გიორგი გოგებაშვილი და ნინო გეგელაშვილი 7 მაისს, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისში დააკვეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ნარკოტიკს ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. გარდა ამისა, მოხდა რამდენიმე ე.წ. საკონტროლო შესყიდვა. 

კომენტარები