TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტი თვლის, რომ პროკურატურა, შსს და სუს ოცნების ინტერესებს ატარებენ

ქართული ოცნება

საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მმართველი პოლიტიკური პარტიის (ქართული ოცნების) ინტერესებს ატარებენ. 

პროკურატურის შემთხვევაში, ამ მოსაზრებას 57% იზიარებს, 18% მიიჩნევს, რომ უწყება ნაწილობრივ ატარებს მმართველი პარტიის ინტერესებს, 13% მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 12%-მა ან არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, მოსაზრებას, რომ უწყება ქართული ოცნების ინტერესებს ატარებს, მოსახლეობის 55% იზიარებს, 17%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე, 16% ნაწილობრივ იზიარებს, ხოლო 12% - საერთოდ არა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების შემთხვევაში, მოსახლეობის, ასევე, 55% ეთანხმება მოსაზრებას, რომ უწყება მმართველი პარტიის ინტერესებს ატარებს, 18% ნაწილობრივ იზიარებს, 15% საერთოდ არ იზიარებს, ხოლო 13%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.

წაიკითხეთ ამავე თემაზე - TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა

არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა. 

საშუალო ცდომილება 2.8%-ია. 

კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ;

ამასთან, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;

სხვა სახელმწიფო ინსიტუტებთან შედარებით, კვლევის მიხედვით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%.

გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლოდ 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

კომენტარები