სპეცოპერაციები კლუბებში

ჩიხრაძე: რაც უფრო მეტი ინფორმაცია გამოდის სპეცოპერაციაზე, მით მეტი კითხვა ჩნდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც აქციაზე "ჩვენი თავისუფლებისათვის" მივიდა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უმთავრესია, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უზრუნველყონ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მშვიდობიანად წარმართვის უფლება, რათა არ მოხდეს რაიმე ტიპის ესკალაცია და პროვოკაციული მოქმედებები.

"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის დავალებით ვაკვირდებით და მომავალშიც დავაკვირდებით აქციის მიმდინარეობას. 

ის, რომ განხორციელებული სპეცოპერაციის გარშემო არსებობს ბევრი კითხვა უკვე ეს ფაქტია და რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაიცემა ოფიციალური ორგანოებისაგან შეკითხვები, სამწუხაროდ, უფრო მატულობს და არ კლებულობს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ უახლოეს ხანებში შეკითხვებს გაეცეს ამომწურავი პასუხი, საზოგადოებამ მიიღოს ცხადი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით", ამბობს ჩიხრაძე.

რუსთაველის გამზირზე შეკრებული ააქციის მონაწილეთა ნაწილი ამაღამ პარლამენტის წინ კარვებში დარჩება. ხვალ აქცია 15:00-დან უნდა განახლდეს. 

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ მის თანამშრომლებს დაკავებულებმა განუცხადეს, რომ მათი აყვანა არა კლუბებში, არამედ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

ამ დრომდე უმაღლესი თანამდებობის პირებიდან განცხადებები მხოლოდ დედაქალაქის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთეს. კობახიძის თქმით, მსგავსი რეიდები უცხოურ ღამის კლუბებშიც მომხდარა, ხოლო კალაძის თქმით კი მომხდარის ფორმა შეიძლება "პოლემიკის საგანი იყოს". კალაძემ ასევე თქვა, რომ აქციის ორგანიზატორთა ულტიმატუმი ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას წარმოადგენდა.

აქციის მონაწილეებს ოთხი მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. 

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში ბასიანი და გალერი წუხელ გვიანღამით შეიჭრა. სპეცოპეაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის მონაწილეები დააკავა.

კომენტარები