სპეცოპერაცია კლუბებში

პროკურატურა: დაკავებულები კლუბებში და მიმდებარედ ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 8 პირი, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავებიან, 2018 წლის მარტიდან მაისამდე პერიოდში სხვადასხვა კლუბში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.

უწყება დეტალურ ჩამონათვალსაც ავრცელებს. გამოძიების ვერსია ასეთია:

  • ღამის კლუბ „კაფე გალერიში“ სხვადასხვა დროს, ბრალდებულმა ვ.ჟ.-მ 0,060 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი 2 ცალი აბი, 200 ლარად და 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ასევე 2 ცალი აბი 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში ბრალდებულმა ლ.მ-მ 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩა N75-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ქ.მ-მ 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 4 ცალი აბი და აბის 2 ნატეხი, 500 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „კაფე გალერი“-ში მ.მ-მ 0,2907 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 420 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ქ.თბილისში ბრალდებულმა გ.მ-მ 0,2268 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი 200 ლარად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა ბ.დ-მ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირზე ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი აბი; 0,98825 გრამი მდმა-ს, 0,15975 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი 700 ლარად, 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი 650 ლარად და 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი 750 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ასევე ღამის კლუბ „ბასსიანის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა თ.ჩ-მ 0,0836 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 1 ცალი აბი, 120 ლარის საფასურად, და 0,436 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 5 ცალი აბი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა;
  • ღამის კლუბ „ბასსიანში“ ჯ.ე-მ 0,1055 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარად, 0,2292 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 3 ცალი აბი, 360 ლარად და 0,1670 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს 2 ცალი აბი, 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა.

პროკურატურის ინფორმაციით, ყველა დაკავებულს უკვე წარედგინა ბრალდება, მათ შორის: ვ.ჟ.-ს, ქ.მ.-ს და თ.ჩ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (2 ეპიზოდი)); ლ.მ.-ს, გ.მ.-ს და მ.მ.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება); ჯ.ე.-ს 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) და 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი)). ხოლო ბ.დ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება (3 ეპიზოდი)) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა- შენახვა). 

ვ.ჟ-სთვის, ლ.მ-სთვის, ქ.მ-სთვის, მ.მ-სთვის, გ.მ-სთვის, თ.ჩ-სთვის, და ჯ.ე-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თოთხმეტ წლამდე, ხოლო ბ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობით ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 მაისს მიმართა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სპეციალური დანიშნულების რაზმი კლუბებში "ბასიანი" და "გალერი" 12 მაისის ღამეს შეიჭრა. სპეცოპერაციების შემდეგ კი პოლიციამ კლუბების მსარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა.

შსს აცხადებდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა, 12 მაისს ამ კლუბებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არც ერთი ბრალდებული კლუბებში არ დაუკავებიათ და 8 პირი ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დაწყებამდე იყო დაკავებული.

12 მაისის ღამესვე დაიწყო აქციები, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო პრემიერმინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ასევე, ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირის დასჯა და "ქართული ოცნების" პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

გუშინ, 13 მაისს აქცია დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა - დაიგეგმა და ჩატარდა ულტრანაციონალისტური ჯგუფების რამდენიმე აგრესიული კონტრაქცია. ისინი პარლამენტის შენობასთან მისვლას ცდილობდნენ. საღამოს ტერიტორიაზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა. აქციების მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.

მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა პირველი განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა. ის მიმდინარე პროცესებს არც პარასკევს ღამით, არც შაბათს და არც კვირას, მთელი დღის განმავლობაში არ გამოხმაურებია. გუშინ საღამოს გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, თუმცა აქციის მოთხოვნებზე ან სპეცოპერაციის ფორმებზე და ვინმეს პასუხისმგებლობაზე არც იქ უსაუბრია. პრემიერმინისტრმა აქციის მონაწილეებს მისცა პირობა, რომ მათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. პრემიერმინისტრმა ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ "სახელმწიფოს ექნება ერთის მხრივ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრი პოზიცია და იქნება გაცილებით უფრო ჰუმანური მომხმარებლების მიმართ".

ამ განცხადების შემდეგ აქციის მონაწილეების ნაწილს პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა. დაახლოებით ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გიორგი გახარიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, ბოდიში მოიხადა და სამუშაო რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. შს მინისტრმა აქციის მონაწილეებს გარკვეული დაპირებებიც მისცა, მათ შორის არის 12 მაისის ღამეს უფლებების დარღვევის განხილვა, ასევე "ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული შედეგების მიღწევა".

აქციის ორგანიზატორებმა ერთ კვირიანი ვადა აიღეს და პირობა დადეს, რომ თუ დანაპირები არ შესრულდება, პროტესტს გააგრძელებენ.

შედეგად, აქცია დაიშალა. მონაწილეები ტერიტორიიდან შსს-ს დახმარებით გაიყვანეს, რის შემდეგაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა "გამარჯვება" იზეიმეს.

აღსანიშნავია, რომ კვირას საღამოს განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც და აღნიშნა, რომ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა, მაგრამ "უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის განცხადებებმა და ქცევამ და წარმოშვა საფუძველი კონტრ-აქციის ჩატარებისა".

კომენტარები