ე.წ ისლამური სახელმწიფო

ISIS-ის დაკავებულ ლიდერებს შორის, სისასტიკით განთქმული სადამ ალ-ჯამალიც არის

IMN

გასულ კვირას, სპეცოპერაციის შედეგად ISIS-ის ხუთი ლიდერი დააკავეს. სპეცოპერაცია ამერიკისა და ერაყის ძალოვნების მიერ იყო დაგეგმილი. ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ამ დროისთვის, თითქმის ყველა დაკავებული ტერიტორია დაკარგა ერაყსა და სირიაში.

ISIS-ის ლიდერებს გარშემო განვითარებული მოვლენები ერაყის ტელევიზიით 10 მაისს გაშუქდა. შემდეგ კი, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter-ზე დაწერა, რომ ISIS-ის 5 ყველაზე მოთხოვნადი ძებნილი ლიდერები დააკავეს. 

პირველად აიყვანეს ისმაილ ალ-ეითაუი, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთ ლიდერთან, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადთან დაახლოებული პირია. დანარჩენები ეითაურის ტელეფონის მეშვეობით შეიტყუეს ერაყის საზღვართან, სადაც ისინი დააკავეს.

მათ შორის არ არის თავად აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად ISIS-ის პოზიციების შესუსტებისა, ბაღდადი მაინც აქტიურად მოქმედებს სირიისა და ერაყის საზღვრებს შორის.

“ის არის ადამიანი, რომლის დაკავებაც ყველას გვინდა ორი მიზეზის გამო: პირველი არის ის, რომ მისი დაკავება იქნება ISIS-ის დამარცხების სიმბოლო ერაყსა და სირიაში, ხოლო მეორე - ის არის ადამიანი, რომელიც აერთიანებს მთელს ჯგუფს, მისი დაკავებით კი ჯგუფიც დაიშლება.” - თქვა მაიკლ მორელიმ, რომელიც CIA-ის დირექტორის პოზიციის დროებითი შემსრულებელია.

დაკავებულთა შორის არის სადამ ალ-ჯამალი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით. მას არაერთი ბრუტალური ბრძანება გაუცია პატიმრების დასასჯელად. ჯამალი მალე სიკვდილის კულტის ლიდერი უნდა გამხდარიყო. სწორედ ის არის 2015 წელს სასტიკი წამებით მოკლული იორდანიელი პილოტის, მუათ ალ-კასასბეჰის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

მუათ ალ-კასასბეჰი იორდანიის სამეფო საჰაერო ძალების პილოტი იყო, რომელიც 2014 წლის დეკემბერში, რაქაში, სირიაში დაჭრეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, ISIS-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც 26 წლის კასასბეჰის გალიაში ცოცხლად წვავდნენ.

სადამ ალ-ჯამალი ასევე პასუხისმგებელია 2014 წელს, სირიის პროვინციაში, დეირ ეზორში, 700 ადამიანის მკვლელობაზე, რომლებიც ISIS-ის აუმხედრდნენ. მისი ერთ-ერთი სადამსჯელო მეთოდი იყო, ბავშვები მოეკლათ მშობლების თვალწინ. 2014 წელს, მან გოგონას ცოლობა სთხოვა, რომელიც მშობლებმა დაიცვეს და არ გააყოლეს, რის შემდეგაც მან მთელი ოჯახი ამოწყვიტა.

კომენტარები