17 მაისი

ჰომოფობიური და ფაშისტური ჯგუფების აქციებზე დღეს 45 ადამიანი დააკავეს

ტაბულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჰომოფობთა და ფაშისტთა ჯგუფების აქციებზე დღეს 45 ადამიანი დააკავეს, მათგან 5 გამოკითხვის მიზნით.

რაც შეეხება დანარჩენს 40-ს, 39 პირი ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს, 1 კი სისხლის სამართლის კოდექსის. ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაყვანილი 5 პირი უკვე თავისუფალია. მათ შორის არიან ჰომობობიური დაჯგუფებების ლიდერები: გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა, გურამ ფალავანდიშვილი და სხვები.

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთავრობის კანცელარიასთან დღეს, 19:00 საათზე გაიმართა. ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრების მიუხედავად, ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ. თავდამსხმელი დაკავებულია, ის 15 წლის ბიჭია.

აღსანიშნავია, რომ აქციამდე გადაკეტილი იყო მიმდებარე ქუჩები, სადაც პოლიციას სპეციალური გამშვები პუნქტები ჰქონდა მოწყობილი და მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან მხოლოდ მათი გავლით ხვდებოდნენ.

მშვიდობიანი აქციის პარალელურად, პარლამენტის ძველ შენობასთან ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის ნეოფაშისტების აქცია მიმდინარეობდა. ისინი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას აპროტესტებდნენ.

დღესვე, დაიგეგმა კონტრ აქციამთავრობის ადმინისტრაციასთანაც, რომელიც 17:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა, ორგანიზატორები, გია კორკოტაშვილი, გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი, აქციის დაწყებამდე დააკავეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

გარდა ამისა, დღეს საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა მსვლელობა "ოჯახის სიწმინდის დღის" აღსანიშნავად.

აქცია "არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზს" დღეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლგბტ ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ დაგეგმილ აქციას აუქმედნენ. ამის მიზეზად აქტივისტები ასახელებდნენ გარემოებას, რომ სახელმწიფო მათ დაცვას სათანადოდ ვერ შეძლებდა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე, ლგბტქ ადამიანების მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად შეკრებილ მოქალაქეებს მშვიდობიანი მსვლელობის საშუალება რელიგიურმა ექსტრემისტებმა არ მისცეს. საქართველოს საპატრიარქომ და მრევლმა აქცია ძალადობრივრად დაშალა. 5 წლის შემდეგაც კი, სახელმწიფოს სათანადოდ არავინ დაუსჯია. მას შემდეგ, ყოველი წლის 17 მაისს მშვიდობიანი, სიმბოლური აქცია წინასწარი რეგისტრაციით ტარდება. რადიკალური ჯგუფებისგან წამოსული საფრთხის გამო, პოლიციას აქციის მონაწილეები ყვითელი ავტობუსებით გადაჰყავს.

გარდა ამისა, 2013 წელს, რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტებისა და მხარდამჭერების დარბევის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

კომენტარები