სიტყვის თავისუფლება

თავ. დემები: ბესელიას ინიციატივა ემუქრება ქვეყნის და თავისუფალი ადამიანის მომავალს

"ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოში აპირებს იდეოლოგიურ, საკანონმდებლო და სადამსჯელო რეპრესიებს თავისუფალი შემოქმედების, ხელოვნებისა და ლიტერატურის წინააღმდეგ." - თავისუფალი დემოკრატები ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს აფასებენ, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს პრეროგატივა გახდება, აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება, თუ ის სხვათა უფლებებს ლახავს. თავისუფალი დემოკრატები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, რომ უარი თქვან კანონპროექტის განხილვაზე, რადგან ის, სამარცხვინო იქნება და სახელმწიფოს რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებას დააზიანებს. 

"ამ კანონონპროექტის მხოლოდ გაჩენაც კი ადასტურებს, რომ ,,ქართული ოცნება” არა მარტო ოცნებობს, როგორმე შეზღუდოს და გააკონტროლოს ყველა სფერო, რომელშიც ადამიანის თავისუფლება ვითარდება და გამოიხატება, არამედ უკვე გეგმავს კონკრეტულ საკანონმდებლო ნაბიჯებს, რათა მოიპოვოს ფორმალური უფლება, თავისი სურვილისამებრ შეიჭრას შემოქმედებაში, დაიპყროს და დაიმორჩილოს როგორც ცეკვა, ასევე პოეზია, როგორც გამოხატვის უფლება, ასევე შემოქმედებითი თავისუფლება. ამ კანონპროექტში დაუფარავად გამოჩნდა, როგორ ცდილობს ,,ქართული ოცნების” ხელისუფლება შეზღუდოს, დააკნინოს ადამიანის უფლება, იყოს საერო და სასულიერო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მათდამი სურვილისამებრ კრიტიკული შემოქმედების ავტორი. აღნიშნული კანონპროექტი უშუალოდ ემუქრება საქართველოს მომავალს, ემუქრება თავისუფალი ადამიანის მომავალს საქართველოში. იმის მიუხედავად, რომ ღრმად ვართ დარწმუნებული, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მსგავსი კანონი არ იმუშავებს, მივმართავთ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ კანონპროექტის განხილვაზეც კი, რადგან ეს იქნება სამარცხვინო აქტი, რომელიც დააზიანებს საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებას." - წერია თავისუფალი დემოკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტი განიხილავს ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც ქვეყანაში შეიძლება შემოქმედებითი თავისუფლება შეიზღუდოს. აღნიშნული რისკი უკავშირედება კულტურის შესახებ კანონის ჩანაწერს, რაც ნაწარმოების აკრძალვის შესაძლებლობებს განსაზღვრავს.

ცვლილება შედის საპროცესო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც ერთადერთი უწყება, რომელსაც ნაწარმოების აკრძალვის უფლება ენიჭება არის სასამართლო. ვრცლად ბესელიასა და გოგიჩაიშვილის კანონპროექტის შესახებ იხილეთ აქ.

კომენტარები