საგარეო ვალი

ოცნების პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ვალი თითქმის გაორმაგდა

0 კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

2018 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2018 წელს მთავრობა 1.6 მილიარდი ლარის მოცულობის საგარეო და 400 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღებას გეგმავს. საგარეო ვალის უდიდესი ნაწილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ახალი გვირაბებისა და გზების) აშენებას მოხმარდება, თუმცა მის შედეგად სახელმწიფოს ვალი 18.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 94%-ით მეტია იმაზე, რაც საქართველოს 2013 წელს ჰქონდა.

დღეისთვის სახელმწიფო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება 44.6%-ს შეადგენს. საინტერესოა, რომ ვალის ნიშნული უკვე აჭარბებს ოცნების ხელისუფლების მიერ 2014 წელს მიღებულ სტრატეგიულ დოკუმენტ "საქართველო 2020"-ში განსაზღვრულ 40%-იან ლიმიტს. 

საქართველოში მოქმედებს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშპ-სთან მიმართებით ვალმა 60%-ს არ უნდა გადააჭარბოს, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობას მომდევნო წლების განმავლობაში თავისუფლად შეუძლია დამატებითი ვალების აღება. 

ვალის მაჩვენებლები წლების მიხედვით:

  • 2013 - 9.3 მილიარდი ლარი, მშპ-ის 34.7%
  • 2014 - 10.4 მილიარდი ლარი, მშპ-ის 35.6%
  • 2015 - 13.2 მილიარდი ლარი, მშპ-ის 41.4%
  • 2016 - 15.1 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.4%
  • 2017 - 16.9 მილიარდი ლარი, მშპ-ის 44.6%, რაც 2013 წელთან შედარებით 82%-ით მეტია.

"სახელმწიფო ვალის პორტფელის ზრდა გამოწვეულია, როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალის მოცულობის ზრდით, თუმცა, საგარეო ვალის ზრდის ეფექტი გაცილებით დიდია. 2016 წელთან შედარებით საგარეო ვალის ნაშთი მთლიანი ვალის პორტფელში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 79.1% შეადგინა. ამგვარად, სავალუტო რისკი წინა წლების მსგავსად ისევ რჩება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკ-ფაქტორად. სავალუტო კურსის ცვლილება ასევე მოქმედებს საგარეო ვალის მომსახურების ხარჯების (ძირითადი თანხა+პროცენტი) სიდიდეზეც", - წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები