თბილისის მეტრო

1200 თუ 1827 - რამდენი ლარია მეტროს მემანქანეების ანაზღაურება

0 კომენტარი
ფოტო: თბილსის სატრანსპორტო კომპანია

თბილისის მთავარი სატრანსპორტო კვანძი - მეტროპოლიტენი დაკეტილია, მემანქანეები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ, ისინი 45%-იან ზრდას მოითხოვენ. ამის გამო მერიამ ავტობუსით მგზავრობა უფასო გახადა, დანიშნულია დამატებითი ავტობუსებიც.

თბილისის მერი კახა კალაძე მემანქანეთა მოთხოვნებს კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს რომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" წამგებიანი საწარმოა და მისი საოპერაციო ზარალი ყოველწლიურად 16 მილიონ ლარს აღემატება, რასაც მერია საკუთარი ბიუჯეტიდან ფარავს. კალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეებს დღეს იმაზე მეტი ანაზღაურება აქვთ ვიდრე პოლიციელები, პედაგოგები და სხვა საჯარო მოხელეები იღებენ. კალაძის თქმით, ხაზის მემანქანეების დასაბეგრი ანაზღაურება 1827 ლარია

თავად მემანქანეები კალაძის განცხადებას სიცრუეს უწოდებენ, მათი თმით, მემანქანის ანაზრაურება (ხელზე) 1200 ლარს შეადგენს. ეს ნიშნავს რომ მთლიანი დასაბეგრი ხელფასი 1500 ლარია.

ტაბულა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, მათი თქმით, 1827 ლარი, რაც კახა კალაძემ დაასახელა არის მთლიანი თანხა, რომელშიც შედის ის ბენეფიტები, რასაც მემანქანეები იღებენ. თუმცა ამ ადამიანებს 1827 ლარი საკუთარ ანგარიშზე არ ერიცხებათ.

ეს ბენეფიტები ასე გამოიყურება:

  • მეცამეტე ხელფასი;
  • უფასო კორპორატიული დაზღვევა;
  • ავტობუსით მგზავრობის სუბსიდია წელიწადში 375 ლარის ოდენობით;
  • დაოჯახების შემთხვევაში დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით;
  • ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი;
  • ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით;
  • სააღდგომო ფულადი საჩუქარი - 250 ლარი;
  • სამუშაოს და სტაჟის დანამატი.

ყველა ამ ბენეფიტის ჯამი 12 თვეზე გადაანგარიშებისას 1827 ლარია. ეს თანხა წარმოადგენს დასაბეგრ ხელფასს, მას საშემოსავლო გადასახადის 20% აკლდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, მეტროს სამუშაო დღეებში დაახლოებით 400,000 მგზავრი გადაჰყავს, ხოლო ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა კი დაახლოებით 350,000-ია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები