თეა წულუკიანი

წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევ კონსულტაციებზე თავისუფალი უნივერსისიტეტი არ მიიწვია

ტაბულა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციებს იწყებს. უწყებაში აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს და სამართლის დარგის სპეციალისტებს კონსულტაციებში მონაწილეობისთვის წერილები გაეგზავნათ.

უნივერსიტეტების რექტორებს შორის, რომლებსაც მიმართვა გაუგზავნეს, არ არის თავისუფალი უნივერსიტეტი. ჩამონათვალში მოხვდნენ შემდეგი უნივერსიტეტების რექტორები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი;
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
  • თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
  • დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.

გარდა ამისა, კონსულტაციებში მონაწილეობისთვის წერილები გაეგზავნათ შემდეგი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს:

  • "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია";
  • "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი";
  • "კონსტიტუციის 42-ე მუხლი";
  • "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი";
  • "ციხის საერთაშორისო რეფორმა";
  • "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია";
  • "საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო";
  • "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია";
  • "საქართველოს ევროპული არჩევანი";
  • "საქართველოს მოსამართლეთა ერთობა";
  • "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC);
  • "საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის".

სამინისტროს განცხადებით, გარდა ჩამოთვლილი ორგანიზაციებისა, კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ანდა სამართლის დარგის სპეციალისტს.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ კონსულტაციების მიზანია პროკურატურის ხელმძღვანელის არჩევნების მაქსიმალური ღიაობა და გამჭვირვალობა, ასევე ამ პროცესის შედეგად საუკეთესო პროფესიონალების გამოკვეთა, რომლებიც არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური საზოგადოების ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ.

"ამგვარად წარმართული პროცესი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭომ, რომელმაც უნდა აირჩიოს ქვეყნის მთავარი პროკურორი, ღირსეული და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატურებს შორის გააკეთოს არჩევანი", - აცხადებენ სამინისტროში.

კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

კონსულტაციების შედეგად, იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთაგან ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა და ამავე წლის ნოემბერში მთავარი პროკურორის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების აქციების შემდეგ დატოვა.

კომენტარები