თეა წულუკიანი

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა შრომითი დავა მოიგო

თეა წულუკიანი

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლოში შრომითი დავა მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

"26 მარტს საქალაქო სასამართლომ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილა და უკანონოდ ცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ნათელა მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ასევე, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

ნათელა მუმლაძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ანგარიშგება-აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე წლების განმავლობაში მუშაობდა. თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს სისტემაში გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად კი, მასობრივად დათხოვნილთა შორის აღმოჩნდა.". - წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მათი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი ნათელა მუმლაძის კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას არ ემსახურებოდა და მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო.

კომენტარები