საჯარო ფინანსები

დეპუტატებს ხელფასი დანამატების შთანთქმის ხარჯზე გაუორმაგდათ

0 კომენტარი
საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი ფოტო: Spartaky / Wikipedia
პარლამენტში უკვე შესულია ქართული ოცნების მიერ მომზადებული ახალი რეგლმანეტი, რომლითაც დეპუტატთა ხელფასები იქნება განსაზღვრული. აქამდე დეპუტატის ხელფასი პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე იყო განსაზღვრული და ის 2018 წლის იანვრიდან თვეში 4623 ლარსა და 75 თეთრს შეადგენს.
 
ქართული ოცნების მმართველობის პირობებში დეპუტატების საბაზისო ანაზღაურებები ერთხელ უკვე გაორმაგდა, ეს 2018 წლის 5 იანვარს სხვადასხვა ტიპის სადეპუტატო დანამატების შთანთქმის ხარჯზე მოხდა. ამ ცვლილებამდე დეპუტატის ანაზღაურება 2000 ლარს შეადგენდა, თუმცა, პარლამენტარები თავიანთი რანგების მიხედვით სპეციალურ დანამატებს იღებდნენ - ამას სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატი ერქვა.
 
ჩვეულებრივ დეპუტატს (დეპუტატს, რომელსაც არ უჭირავს პარლამენტში რაიმე თანამდებობა, არ იყო კომიტეტის თავმჯდომარე, ან თავმჯდომარის მოადგილე, ან ფრაქციის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე) ყოველთვიურად სადეპუტატო უფლებამოსილების დანამატის სახით 1790 ლარი ეძლეოდა. მაღალი თანრიგის დეპუტატებისთვის კი დანამატების ოდენობა 3500 ლარს აღემატებოდა.
 
ამავდროულად, დეპუტატები ქუთაისში ბინის დაქირავების ხარჯებისთვის იღებდნენ საცხოვრებლის კომპენსაციის დანამატსაც 667 ლარის ოდენობით.
 
2018 წლის იანვრიდან ეს დანამატები გაუქმდა, თუმცა დეპუტატების შემოსავალი უცვლელი დარჩა - რადგანაც ამ თანხამ პარლამენტართა საბაზო ხელფასებში გადაინაცვლა.
იმ კანონპროექტის მეშვეობით, რომელსაც ახლა პარლამენტი განიხილავს გამორიცხული არაა რომ დეპუტატთა ანაზღაურება კიდევ გაიზარდოს:
 
"პარლამენტის წევრის გასამრჯელო შეადგენს 4624 ლარს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა,"- წერია რეგლამენტში.
 
აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ "სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების დანამატი" პარლამენტმა უკვე გააუქმა და მისი ტოლფასი თანხა პარლამენტართა ხელფასებში გადაიტანა. რეგლამენტის პროექტის ეს ჩანაწერი კი ნიშნავს რომ პარლამენტმა შესაძლოა მომავალში ხელახლა მიიღოს ეს დოკუმენტი, რომლითაც დეპუტატთა მთლიანი შემოსავალი გაიზრდება.
 
ამ დროისთვის დეპუტატთა თანამდებობრივი სარგოები მათი წოდებების მიხედვით ასე გამოიყურება:
 
  • პარლამენტის თავმჯდომარე - 6738 ლარი თვეში;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 6403 ლარი თვეში;
  • უმრავლესობის ლიდერი - 5538 ლარი თვეში;
  • კომიტეტის თავმჯდომარე - 5538 ლარი თვეში;
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - 4738 ლარი თვეში.
რეგლამენტის მიხედვით, ასევე ნარჩუნდება სპეციალური დანამატი პროპრციული სიით არჩეული დეპუტატებისთვის, რომელთაც სამსახურებრივი ავტომობილები არ ემსახურებათ. ეს დეპუტატები ყოველთვიურად 400 ლარიან დანამატს აიღებენ. ასეთი დეპუტატის საბაზო ანაზღაურება არა 4624 ლარი, არამედ 5024 ლარი იქნება.
 
შენიშვნა: სტატია განახლებულია 6 ივნისს, 21:57 წუთზე

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები