ხორავას ქუჩის საქმე

პროკურატურა: მერაბ მორჩაძემ მოწმე მოისყიდა, სუბელიანმა კი დანაშაული დამალა

flickr.com

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია, რომ 8 ივნისს დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ მოწმე მიხეილ კალანდიას სასურველი ჩვენების სანაცვლოდ ფული გადასცა, რათა კალანდიას ჩვენება შეეცვალა და ბრალდებული გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ არ ეცნოთ. 

პროკურატურის სპეციალურ განცხადებაში წერია:

"მერაბ მორჩაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა  ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით, სასჯელი: 6 წლამდე პატიმრობა).

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მიხეილ კალანდიაზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მერაბ მორჩაძემ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში, მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას," - წერია განცხადებაში.

მირზა სუბელიანს კი პროკურატურა დანაშაულის დამალვას ედავება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიზე. მისი თქმით, მირზა სუბელიანის დანაშალი ბევრად მძიმეა და რომ სწორედ მისი ორგანიზებით გააყალბა მთავარმა პროკურატურამ საქმე. 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე პირს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულ გ.ბ-ს, რომელიც უდანაშაულოდ არის ცნობილი დავით სარალიძისმკვლელობისთვის, ხოლო დამნაშავედ არის ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით, მაგრამ სასჯელის ვადა ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მეორე არასრულწლოვანი - გ.ჯ - უდანაშაულოდ არის ცნობილი განზრახ მკვლელობისთვის და დამნაშავედ არის ცნობილი მკვლელობის მცდელობისთვის. მას 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები