აქცია რუსთაველზე

შსს: დღეს აქციაზე დაკავებული 6 მოქალაქიდან, 1 ძებნილია, 1 პირობითი მსჯავრის ქვეშაა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის ძველი შენობის წინ აქციაზე დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. 

"ქურდობისთვის ძებნილი, 1994 წელს დაბადებული ი.ა. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული გ.ა. პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს 6 პირი: 1987 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1994 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული მ. ლ. და 2001 წელს დაბადებული გ.ტ. აღსანიშნავია, რომ ი.ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, გ.ა. კი 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება." -წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცავებმა 6 პირი დღეს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ძველი შნეობის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით აქციის "ნუ მომკლავ" მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.

ამის შემდეგ, პოლიციამ საავტომობილო ნაწილზე გადატანილი კარვები დაშალა და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელის კარვების დაშლამდე აცხადებდა, რომ მთელი ქალაქი პარალიზებულია და აქციის მონაწილეებთან კარვების გადატანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები