ნუ მომკლავ

შსს: დღეს რუსთაველზე 19 პირი დავაკავეთ, მათ შორის ერთი ინტერპოლის მიერ ძებნილია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით სულ 19 პირი დააკავეს და მათგან ორი ძებნილია - ერთი საქართველოში, მეორე კი ინტერპოლის მიერ.

"დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის ადგილზე დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა", - განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება მეორე პირს, უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ გაშლილი კარავში ქურდობისთვის ძებნილი, 1994 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავეს, როცა აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა.

"აღნიშნული პირი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ 5 ივნისიდან ქურდობის ფაქტზე იძებნებოდა.

კარავში, აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ასევე დაკავებულია ქურდობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული პირი", - აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს არ დაარღვიონ კანონი და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება.

"შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინონ კანონმდებლობის შესაბამისად. დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. იმ შემთხვევაში, თუ კანონსაწინააღმდეგოდ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღუდვის მცდელობას, პოლიცია მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები