სამთავრობო ცვლილებები

სამინისტროები შესაძლოა კიდევ შემცირდეს, კალაძე მოლაპარაკებების არსებობას ადასტურებს

ვიცეპრემიერი კახა კალაძე
ტაბულა

სამინისტროების რაოდენობა შესაძლოა კიდევ შემცირდეს, თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე მოლაპარაკებების არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ კალაძემ იმედთან განაცხადა.

"დიახ არის განხილვა და მოსაზრებები, რომ მინისტრთა კაბინეტი კიდევ უფრო შემცირდეს, მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ბატონი მამუკა თავადვე გააკეთებს განცხადებას. ის ისაუბრებს მის მოსაზრბებზე, როგორ ხედავს მინისტრთა კაბინეტს, რამდენი მინისტრი უნდა დარჩეს, რამდენი სამინისტრო უნდა გაუქმდეს, შეიძლება სამინისტროების შერწყმა მოხდეს, თუმცა მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო,"- ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე.

მამუკა ბახტაძემ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელებისას განაცხადა, რომ ის მცირე და ეფექტური მთავრობის მომხრეა.

საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 2017 წლის ბოლოს უკვე შემცირდა. გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ოთხმა უწყებამ სამინისტროს სტატუსი დაკარგა და ისინი სხვა სამინისტროებს შეუერთდნენ. შედეგად ქვეყანაში სამინისტროების რაოდენობა 14-მდე შემცირდა. მაშინ სამინისტროების რაოდენობის შემცირებას საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება არ მოჰყოლია.

2017 წელს შემცირებული და შერწყმული სამინისტროების ჩამონათვალი:

  • ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ნაწილი;
  • კულტურის სამინისტროს შეუერთდა სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი;
  • გარემოს დაცვის სამინისტროს (გარემოს დაცვის ნაწილი) სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაერთიანდა;
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის ნაწილი განათლების სამინისტროში შევიდა;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკურ უწყებებში ინტეგრაციის სამინისტრო შეუერთდა;

კომენტარები