სამთავრობო ცვლილებები

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა

parliament.ge

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად, ძველი შემადგენლობით წარედგინა.

მთავრობის შემადგენლობაში ახალია მხოლოდ სამი კანდიდატი იქნება: 

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე – გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად – ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში ამ დრომდე მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ. 

დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ამ დრომდე მოქმედი მინისტრი.

როგორც დღეს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ თქვა, სამინისტროების გაერთიანება და მათი 14-დან 11-მდე შეკვეცა იგეგმება, რის გამოც, კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, კანონით გაწერილ ვადებში მთავრობის დამტკიცების ყველა პროცედურა ვერ ესწრება, ამიტომ ამ ეტაპზე მთავრობას ძველი შემადგენლობით დაამტკიცებენ.

სამი კვირის შემდეგ კი პარლამენტს კვლავ წარედგინება მთავრობის სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი შემადგენლობა. 

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობის მოსმენის გრაფიკიც დაამტკიცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას მოუსმენენ გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში, ხოლო 20 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

კომენტარები