აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ "მიგრანტთა ბანაკი" არ გახდება.
"ამერიკის შეერთებული შტატები მიგრანტთა ბანაკი და ლტოლვილთა დროებითი დაკავების დაწესებულება არ გახდება." "შეხედეთ რა ხდება ევროპაში, შეხედეთ რა ხდება სხვა ადგილებში - ვერ დავუშვებთ იგივეს განმეორებას აშშ-ში." თქვა მან თეთრ სახლში საუბრისას.
ეს კომენტარი ტეხასის შტატის სამხრეთით, მექსიკის საზღვართან განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა, სადაც ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ასობით ბავშვი სასაზღვრო კონტროლის საწყობში განთავსებულ გალიებში ცხოვრობს. მათი ოჯახების წევრები აშშ-ის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის დააკავეს. ბავშვების გარდა საწყობში 1,100-მდე ადამიანია, მათ შორის ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით. ჟურნალისტებს არალეგალ მიგრანტებთან გასაუბრების უფლება არ მისცეს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე ოჯახების დაშორება დემოკრატიული პარტიის ბრალია და მათ სიტუაციის გამოსასწორებლად რესპუბლიკელებთან ერთად ახალ კანონზე უნდა იმუშაონ. არ არსებობს კანონი, რომელიც არალეგალი მიგრანტების და მათი შვილების დაშორებას მოითხოვს. წინა ადმინისტრაციები მსგავსი პრაქტიკისაგან თავს იკავებდნენ, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა შემოიღო, რომელიც ყველა არალეგალი მიგრანტის, რომელსაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დააკავებენ, ფედერალურ საპატიმროში გადაყვანას გულისხმობს. ვინაიდან ბავშვებს საპატიმროში ვერ განათავსებენ, სანამ მათი მშობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან, ისინი დროებით სასაზღვრო კონტროლის საწყობში ცხოვრობენ.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკას იცავს და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას "კრიმინალების დაკავებისათვის" აკრიტიკებენ და ისინი "ბოდიშს არ მოიხდიან საკუთარი საქმის შესრულებისათვის."
"თუ ჩვენ ავაშენებთ კედელს და მივიღებთ შესაბამის კანონებს, არ მოგვიწევს ამ საშინელი არჩევანის გაკეთება. ჩვენ გვექნება სისტემა, რომელის მეშვეობითაც თავშესაფრის მაძიებლები განცხადებას კანონიერად შემოიტანენ." თქვა სეშენსმა კონგრესში გამოსვლისას.
მექსიკის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა აშშ-ის პირველი ლედიც. მელანია ტრამპის სპიკერმა განაცხადა, რომ პირველი ლედი "შეძრულია ოჯახებისაგან დაშორებული ბავშვების ნახვით." მისივე თქმით პირველ ლედის სჯერა, რომ აშშ უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც "ყველა კანონს მიყვება, თუმცა ამასთანავე გულით იმართება." "ქალბატონი ტრამპი იმედოვნებს, რომ ორივე მხარე ერთობლივად მიაღწევს წარმატებული საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას."
საპროტესტო აქციები გაიმართა ტეხასის რამდენიმე ქალაქსა და ნიუ ორლეანში, სადაც ჯეფ სეშენსი სიტყვით გამოდიოდა. მომიტინგეები ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ და სეშენსის გადადგომას მოითხოვდნენ.