სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად დევდარიანს 11 ქალისა და ტაბულას წინააღმდეგ სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა. 

დევდარიანი 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. მათ შორის არის ტაბულა, თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.

ინფორმაცია სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს ცხელ ხაზზე მოპასუხეებმა გადაამოწმეს, სადაც მათ დაუდასტურეს, რომ სარჩელი ნამდვილად არ არის მიღებული.

უცნობია კონკრეტულად რა გახდა უარის თქმის მიზეზი. თბილისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ სარჩელის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების უფლება არ აქვთ და ამაზე მხარეებმა უნდა ისაუბრონ.

ზვიად დევდარიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სარჩელზე უარის თქმის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ადვოკატმა ტაბულას უთხრა, რომ სასამართლოში მისვლას უახლოეს პერიოდში აპირებს და დაზუსტებული ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში ექნება. სავარაუდოდ, ამ დროს გახდება ცნობილი რა გახდა უარის თქმის მიზეზი.

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და არშფოტება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები