კრიმინალი

აშშ-ში დაკავებული მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს, მას 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება

0 კომენტარი

აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს, 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ნაფიცმა მსაჯულებმა ის რეკეტსა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.

ავთანდილ ხურციძე გასულ წელს, ნიუ-იორკში, დანაშაულებრივი დაჯგუფების ათობით სხვა წევრთან ერთად დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაიაც. სასამართლო პროცესი ივნისში დაიწყო, ვერდიქტი კი 19 ივლისს გამოქვეყნდა.

39 წლის მოკრივესთან ერთად, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს კრიმინალური ავტორიტეტი რაჟდენ შულაიაც. ხურციძე სწორედ შულაიას ბანდის წევრი და მისი მთავარი „შემსრულებელი“ იყო.

როგორც ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, შულაია და ხურციძე ჩართულნი იყვნენ კრიმინალურ სქემებში, რომლებიც მოიცავდა ძალადობას, გამოძალვას, თაღლითობას, ქურდობასა და ნაქურდალი ნივთების გადატანას. მათი დაჯგუფება ასევე ჩართული იყო არალეგალურ სათამაშო ბიზნესში, ათეთრებდა ფულს, ქრთამს აძლევდა ადგილობრივ სამართალდამცავებს, ჰქონდათ საროსკიპოც.

გამოძიებამ წარმოადგინა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რომ ხურციძე, შულაიას სახელით, სხვებს ფულს ძალის გამოყენებით ართმევს.

შულაიას დაჯგუფების წევრები ძირითადად ნიუ-იორკში მოქმედებდნენ, თუმცა აშშ-ს სხვა ნაწილებშიც აწარმოებდნენ ოპერაციებს. 

შულაიასთვის დამკიცებული ბრალი მთლიანობაში 65 წლიან სასჯელს აღწევს, ხურციძეს კი 40 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

სასჯელის ვადას მოსამართლე განსაზღვრავს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები