წულუკიანი: ხორავას საქმის ძიება თავიდან არ დაწყებულა, კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე აცხადებს, რომ კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ შსს-ს ძიება თავიდან არ დაუწყია. მისი თქმით, საქმეს თავიდანვე შსს იძიებდა, პროკურატურას კი პირველივე დღიდან საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქცია ჰქონდა.

ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში "პირისპირ" ისაუბრა. 

"არავითარი ძიება თავიდან არ დაწყებულა. მე ამას პირველად ვამბობ პირდაპირ ეთერში: როდესაც პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა აქციიდან დაბრუნებულმა, დაუშვა, სამწუხაროდ, შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ.

სამწუხაროა, რომ ამაზე მიწევს საუბარი. არავითარი გამოძიება არ დაწყებულა თავიდან. თქვენ თავად შეგიძლიათ ყოფილ პრემიერს ჰკითხოთ და ის თავად დაგიდასტურებთ, რომ ეს იყო ფაქტობრივი შეცდომა... როდესაც საქმეზე დადგა მტკიცებულებები იმ ვადაში, რა ვადასაც (40-დღიანს) ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რა დონეზეც იყო მზად მტკიცებულებები რამდენიმე პირის ნაწილში, ის წარიმართა სასამართლოში, ხოლო დანარჩენ ნაწილებზე საქმის, როგორც დღეს ბატონმა გახარიამაც დაადასტურა, გამოიყო გამოძიებიდან დანარჩენი ეპიზოდები, კითხვის ნიშნები და მათზე გამოძიება გაგრძელდა. გამოძიება პირველი დღიდან დღემდე მიმდინარეობდა შსს-ში და არა პროკურატურაში და პროკურატურას პირველი დღიდან დღემდე ჰქონდა შსს-ს გამომძიებლებზე საპროცესო ხელმძღვანელობის ფუნქცია. ეს არის რეალობა", - თქვა წულუკიანმა. 

31 მაისს გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან შსს პროკურატურისგან დაიბრუნებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს. მისივე თქმით, გამოძიების პროცესს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანდა. 

კომენტარები