ვანო მერაბიშვილის საქმე

წულუკიანი: მზად ვართ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლდეს

0 კომენტარი
თეა წულუკიანი ფოტო: ტაბულა

მზად ვართ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლდეს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, სამთავრობო გეგმის მოსმენის დროს განაცხადა.

"ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს ვანო მერაბიშვილის საქმესა და მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე ჰკითხა.

"ნუთუ პრობლემად არ მიგაჩნიათ, რომ სახელმწიფო ევროკონვენციის მე-18 მუხლზე მარცხდება სტრასბურგის სასამართლოში?“- ჰკითხა კანდელაკმა ბახტაძეს.

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პასუხის გაცემა თეა წულუკიანს სთხოვა.

წულუკიანის თქმით, ამასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკა მისთვის გაუგებარია, რადგან სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობით კანონი არ ირღვევა.

"სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ ვკითხულობთ, მის 194-ე პარაგრაფში, რომ ბატონი ვანო მერაბიშვილის დაკავება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის შესაბამისი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები, თითქოს დაკავება იყო უკანონო, არ იქნა გაზიარებული.

ასევე, გადაწყვეტილების 208-ე პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. აქაც სახელმწიფოს მხარე, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, გამარჯვებული გამოვიდა ამ დავიდან“,- განაცხადა მან.

თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა პოლიტიკური დევნა არ არის.

"მე-18 მუხლზე იყო მნიშვნელოვანი არგუმენტების ჭიდილი. ეს ვიცით ყველამ და საბოლოოდ დიდმა პალატამ დაადგინა, რომ არც დაკავება და არც წინასწარი პატიმრობა ვანო მერაბიშვილისა, მიზნად არ ისახავდა მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანას, რასაც ამტკიცებდა ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე.

ჩემთვის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე სწორედ მე-18 მუხლის ეს ნაწილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით დამთავრდა დისკუსია ამ თემაზე, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი - პასუხია არა“,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ მზად არის მოწმეებს თავიდან მოუსმინოს.

"რაც შეეხება დარღვევას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სამოქმედო გეგმა წარდგენილია მინისტრთა კომიტეტში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ვილაპარაკოთ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე. როგორც სასამართლომ თქვა, ეს არავითარ გავლენას არ ახდენს პატიმრობის კანონიერებაზე.

მზად ვართ, როდესაც ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება ქვეყანას, გამოძიება განახლდეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს მანამდეც მოხდება. კიდევ ერთხელ მოვუსმინოთ მოწმეებს და ახალ მტკიცებულებებს, თუ ასეთი გაჩნდა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან  გაყვანის საქმეზე გამოძიება მხოლოდ ევროსასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან. საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა. 

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. უწყების მტკიცებით, "ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი". პროკურატურის განცხადებით, "ერთადერთი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებზე, არის თავად ივანე მერაბიშვილი".

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები