საქართველოს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ისედაც დასჯადია და 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაზა გაბუნიამ მიიჩნია, რომ ეს საკმარისი არ არის და დაწერა კანონპროექტი, რომელშიც ცალკეა გამოყოფილი თბილისი. ანუ, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ჯარიმა იგივე რჩება, თბილისში კი ორმაგდება და 1000 ლარი ხდება.
ზაზა გაბუნიასთან ერთად კანონპროექტის ინიციატორები არიან "ქართული ოცნების" დეპუტატები: არჩილ თალაკვაძე, ნუკრი ქანთარია, მარიამ ჯაში და ბექა ოდიშარია.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი - 150², რომელიც მხოლოდ დედაქალაქს, თბილისს ეხება.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი დაგეგმილ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თბილისში, ადმინისტრაციული ორგანოების შენობების ფასადებზე, ასევე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების ნებართვის გარეშე შესრულებისთვის ადამიანი 1000 ლარით დაჯარიმდება. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, მოქალაქეს 15 დღით დააპატიმრებენ.
თბილისის გარდა მთელ საქართველოში მსგავსი ქმედება 500-ლარიან ჯარიმას იწვევს, განმეორების შემთხვევაში კი პირი 1000 ლარით ჯარიმდება.
გარდა ამისა, ჩანაწერის მიხედვით, თუ ადამიანი თბილისში სხვა შენობების ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხეებზე, გზის სავალ ნაწილზე მერიის ნებართვის გარეშე გააკეთებს წარწერას, ნახატებს, სიმბოლოებს, დაჯარიმდება 200 ლარით. ანალოგიური ჯარიმაა გათვალისწინებული იმ შემთხვევაში, თუ პირი პლაკატებს, ლოზუნგებს ან ბანერებს განათავსებს ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. გარდა ამისა, 200 ლარით დაჯარიმდება ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებაც. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იგივე ქმედებას განმეორებით ჩაიდენს, ჯარიმა 1000 ლარია.
თბილისის გარდა მთელ საქართველოში მსგავსი ქმედება 50-ლარიან ჯარიმას იწვევს, განმეორების შემთხვევაში კი პირი 500 ლარით ჯარიმდება.
კანონპროექტის ავტორის მტკიცებით, ცვლილებების მიზეზი თბილისის ტერიტორიის დაზიანების, იერსახის დამახინჯების, გარე რეკლამების განთავსებისა და გარე ვაჭრობის გახშირებაა. ზაზა გაბუნია ასევე აღნიშნავს, რომ ამ სამართალდარღვევებისთვის დადგენილი სანქციების ჩადენილი ქმედების მნიშვნელობასა და სიმძიმესთან შეუსაბამოა.
განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ სანქციების გამკაცრების გარდა, კანონპროექტის მიღების მიზანია უფლებამოსილ ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა დამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს სანქცია - საჯარიმო ოქმის (ქვითრის) შევსების გზით, "რაც უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნული ორგანოების საქმიანობას და მოახდენს სამომავლოდ სამართალდარღვევების პრევენციას".
კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. იმ შემთხვევაში, თუ ის მეორე და მესამე მოსმენაზეც მიიღებს საკმარის ხმებს, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.
არაკონსტიტუციური მუხლი და გამოხატვის თავისუფლება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ არამხოლოდ დაგეგმილი ცვლილებები, არამედ, მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლიც კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია. ორგანიზაციამ უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩანაწერის გაუქმებას ითხოვს.
საიას თავმჯდომარის მოადგილე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ჯარიმის გაზრდა მსუსხავ ეფექტს გამოიწვევს და მოქალაქეები თავისუფალ გამოხატვას მოერიდებიან.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროცედურული ნაწილი გამართული არ არის. ეს იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მნიშვნელოვან დარღვევებს. გარდა ამისა, 150-ე მუხლი, თავისი შინაარსით, ძალიან ფართოდ განმარტების და ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და წინააღმდეგობაში მოდის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს მუხლი თავისი შინაარსით გასაჩივრებული გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში და ნებისმიერი ცვლილება გაუმართლებელია, რადგან ჯერ კიდევ გადასაწყვეტია მისი კონსტიტუციურობა. ახალი მუხლი იგივე შინაარსს იმეორებს და ბუნებრივია, შინაარსობრივი წინააღმდეგობა რჩება. გარდა ამისა, ჯარიმების გაზრდილი რაოდენობა გამოიწვევს მსუსხავ ეფექტს და მოქალაქეები მოერიდებიან მშვიდობიან გამოხატვას, რაც მათ სურთ და რაც კონსტიტუციით არის გარანტირებული", - ამბობს ქურდოვანიძე ტაბულასთან.
მისივე განცხადებით, 150-ე მუხლში, რომელსაც ემატება ახალი პრიმა მუხლი, ბუნდოვანია ჩანაწერი "მიმდებარე ტერიტორია". ქურდოვანიძე განმარტავს, რომ კანონით არ არის განსაზღვრული რა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და იყო შემთხვევა, როცა ჭავჭავაძის გამზირი რუსთაველზე მდებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიად მოიხსენიეს. გარდა ამისა, იურისტი აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების უმრავლესობა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებთან იმართება და პროტესტის ნაწილი შეიძლება იყოს ქუჩებში, კედლებზე წარწერებიც. იმ შემთხვევაში, თუ ზაზა გაბუნიას კანონი ძალაში შევა, მოქალაქეები აქციებზე ამგვარი წარწერებისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებიან.
"წარმოიდგინეთ სპონტანური აქცია, სადაც მოქალაქეს სურს ამ ფორმით გამოხატვა. მუნიციპალიტეტთან შეთანხმება მინიმუმ 5-10 დღეს მოითხოვს. გამოდის, რომ სპონტანური აქცია ვერ ჩატარდება. გამოდის, რომ ამ ჩანაწერით, სპონტანურად შეკრების დროს გამოხატვის ეს ფორმა საერთოდ აკრძალულია", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
რას ფიქრობენ მხატვრები
მხატვარი მუსია ქებურია ამბობს, რომ როცა კონკრეტულ საკითხზე პროტესტის გამოხატვა მოუნდება, ჯარიმის გაზრდილი რაოდენობა ვერ შეაჩერებს. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ მკაცრი აღსრულების შემთხვევაში, ბევრმა ადამიანმა შეიძლება სტრიტ არტის გაკეთებაზე უარი თქვას.
"ვისაც რეალურად რაღაცის თქმა უნდა, რაღაც აწუხებს და ამ კუთხით აკეთებს საქმეს, არ მგონია ათას ლარიანმა ჯარიმამ შეაჩეროს. პატრულთან შეხება მქონია, მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, რადგან გოგო ვარ, შუა პროცესში არ გავუჩერებივარ და არ წავუყვანივარ. ჩემი საქმე ბოლომდე მიმიყვანია. ნაცნობ მხატვრებშიც არც ერთი შემთხვევა არ გვახსოვს, რომ ჯარიმა დაუწერეს და ა.შ. შეიძლება მკაცრი აღსრულების შემთხვევაში სხვაგვარად მოვიქცეთ და რადგან ახლა, ასე ვთქვათ, "პასუხი არ მოგვეთხოვება", უფრო თამამები ვართ. თუ მასობრივად იქნება დაჯარიმება, რა თქმა უნდა ექნება ამას გავლენა. ყველას არ აქვს ის 1000 ლარი და არ უღირს ამ ნაბიჯზე წასვლა. ამიტომ, კანონში ამ ცვლილებას ცუდი შედეგი თავისთავად ექნება", - ამბობს მხატვარი.
ტაბულამ მას ასევე ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია, რომ ქუჩაში ნახატის გაკეთება და მოუნდეს ამაზე ნებართვისთვის მერიას მიმართოს. მუსია ქებურია ამბობს, რომ ამას არ გააკეთებს.
"არც ერთ შემთხვევაში ასე არ მოხდება. როცა შენ აკეთებ სისტემის ან კონკრეტული პროცესის საწინააღმდეგო ნახატს, მაგაზე ნებართვას არასდროს მოგცემენ. ასეთი რაღაცების შეთანხმებით გაკეთება არც უნდა ხდებოდეს. თუ მე რაღაცის გაკეთებას გადავწყვეტ, მერიას არ მივმართავ და არ ვეტყვი, რომ მის საწინააღმდეგო რამეს ვაკეთებ და ამაზე ნებართვას არ ვთხოვ, პირდაპირ მივადგები კედელს და დავხატავ", - ამბობს მუსია ქებურია.
ქუჩის მხატვრობაში აქტიურადაა ჩართული გაგოშაც, იგივე გიორგი გაგოშიძე. ის დაგეგმილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს ბევრ მხატვარს პრობლემას შეუქმნის.
"რა თქმა უნდა, ხელს შემიშლის. თუ ბევრჯერ დამაჯარიმებენ, ჩემს ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე შეექმნება. მხოლოდ ჩემზე ხომ არ არის ლაპარაკი, ბევრ ადამიანს შეუქმნის პრობლემას. ისედაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული ქუჩის მხატვრობა და ჯარიმა გაუმძაფრებს ამ ადამიანებს შიშს. დასჯის ახალი მეთოდია ეს. თუმცა არ მგონია, რომ ვინც ნამდვილად აკეთებს ამ საქმეს, ის გაზრდილმა ჯარიმებმა შეაჩეროს. სტრიტ არტი თვითგამოხატვაა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ცხადია, აქ პეპლების დახატვას არ ვგულისხმობ. ჯარიმების მერე შეიძლება გარეუბნებში გადაინაცვლოს ამ ყველაფერმა და უფრო პარტიზანულად მოხდეს ნახატების გაკეთება", - ამბობს გაგოშა.
მისი აზრით, თუ კანონმდებლები ქალაქის იერსახეზე ზრუნავენ, უნდა შექმნან კომისია, რომელიც ამ ნახატებს შეისწავლის და შეაფასებს. გაგოშა ამბობს, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სწორედ ასე ხდება და ხელისუფლება ნახატის წაშლის უფლება ამ კომისიის ნებართვის გარეშე არ აქვს.
"საქართველოში ეს ჯერ სასაცილოდ ეჩვენებათ", - აღნიშნავს მხატვარი.
--------
სტრიტ არტი, იგივე ქუჩის მხატვრობა თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. არტისტები ქუჩების, მიწისქვეშა გადასასვლელების, კედლების მოხატვით ხშირად აპროტესტებენ არსებულ რეალობას ან მის გაფერადებას ცდილობენ. გარდა ამისა, გრაფიტი აქტიურად გამოიყენება საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ძირითადად სწორედ ადმინისტრაციული ორგანოების შენონობების მიმდებარე ტერიტორიებზე იმართება. ანუ, ზაზა გაბუნიას კანონი ძალაში რომ შევიდეს, თბილისში, პარლამენტის ძველი შენობის წინ ტროტუარზე და იქვე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე მოქალაქეები საპროტესტო წარწერების გაკეთებას ვერ შეძლებენ. თუ მაინც გააკეთებენ, ისინი 1000 ლარით დაჯარიმდებიან.
დაათვალიერეთ ქართველი მხარვრების ნამუშევრები:
------
გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბოლო დროინდელი საკანონმდებლო ინიციატივებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში: გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ