ხორავას ქუჩის საქმე

პროკურორი მოწმეების დაგვიანებით დაკითხვაზე: რას გვაძლევს პროდუქტიულს მათი ჩვენება?

"სუბელიანი არაფერ შუაში არაა. აბსოლუტურად არაფერ შუაში არაა მირზა სუბელიანი" - ასე უპასუხა ხორავას საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ დეპუტატ ოთო კახიძის კითხვას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. კერძოდ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა პროკურორს ჰკითხა, მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ რატომ აიღო 15-დღიანი პაუზა მოწმეების გამოკითხვაზე. ზვიად ფხაკაძე ამბობს, რომ "ფორმალურად მოწმის მოყვანა და გაშვება საქმეზე არაფერს არ გვაძლევს".

ოთარ კახიძე - 1 დეკემბერს სამი თვითმხილველია დაკითხული. ა.ბ; თამარ გოცირიძე და დიანა ბოლოთაშვილი. სამივეს დაკითხვა მთავრდბა 19:30-ზე, ყველაზე გვიან. ამის მერე მირზა სუბელიანს მოჰყავს თავისი შვილი, მისი დაკითხვა იწყება 19:40-ზე. შემდეგ საქმეში გვაქვს 15-დღიანი პაუზა, მომდევნო თვითმხილველი საქმეზე იკითხება 16, 18, 19, 21 დეკემბერს. ამას რითი ახსნით, რა გარემოებით ახსნით?

მაგალითად, მოწმე ანა ქობალია უყურებს პირდაპირ ფარდულს. ანუ მისი ფანჯრები არის მეორე სართულზე და უყურებს ფარდულს, რომელსაც 18 დეკემბერს უკვე დემონტაჟი აქვს გაკეთებული. იმასაც კი ვერ დაადგენთ, რამდენად აბნელებს და ჩანს თუ არა ფარდული, იმიტომ, რომ თქვენ ის უკვე დანგრეული გაქვთ. მაგრამ ანა ქობალიას პირდაპირ მხედველობაში აქვს, ნიკოლოზ იორდანაშვილს პირდაპირ მხედველობაში ჰქონდა, ზაზა ცივაძე ჩვენებას გაძლევთ, რომ რამდენიმე პირი ურტყამს სარალიძეს, ოღონდ ვერ ხედავს - რას ურტყამენ. ანუ ასეთი მოწმეები თქვენ დაკითხეთ ორი-სამი კვირის შემდეგ და რატომღაც ეს ემთხვევა მირზა სუბელიანის გამოჩენას საქმეში. ამას რითი ახსნით?

პროკურორი: გამოძიების პირველ სტადიაზე ვატარებდით კონკრეტული პირების დადგენა-გამოვლენას. არათუ დაკითხვა ჩატარდა კონკრეტულ თვითმხილველ პირებთან მიმართებით, არამედ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ვისთანაც მოხდა ამის საშუალება, მტკიცებულებების მოპოვება და კონკრეტულად ორიენტირებული ვიყავით ამ კუთხით, რომ პროცესუალურად დაგვემაგრებინა კონკრეტული, დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.

რაც შეეხება იმ თვითმხილველ მოწმეებს, რასაც თქვენ თვითმხილველს ეძახით, რომლებსაც კონკრეტიზაციის მოხდენა არ შეუძლიათ, სწორედ იმ კატეგორიას განეკუთვნებიან ეს მოწმეები და იმიტომ მოხდა მოგვიანებით დაკითხვა. გულწრფელად გეუბნებით, ამ ხალხისგან გვინდოდა, ამოგვეღო ინფორმაცია, ძალიან გვინდოდა, იმიტომ რომ ჩვენთვისაც კარგია, პლუსია პროკურორისთვის ხო, რაც უფრო მეტი მტკიცებულება გაქვს, მაგრამ ფორმალურად მოწმის მოყვანა და გაშვება საქმეზე არაფერს არ გვაძლევს, აი, ავიღოთ მათი ჩვენებები - რას გვაძლევს პროდუქტიულს მათი ჩვენება, ხო არაფერს არ გავძლევს, არა? 

ოთარ კახიძე: ვისი, გოცირიძის და ბოლოთაშვილის ჩვენება არ გვაძლევს არაფერს?

პროკურორი: ანა ქობალია, ნიკოლოზ იორდანიშვილი...

ოთარ კახიძე: უკაცრავად, მაგრამ 18-მდე რომ დაგეკითხათ, იმ მომენტში, ანა ქობალია ფანჯრიდან რომ იყურება, პოლიციაში რომ რეკავს, რომ უყვირის ბავშვებს, გაჩერდითო. პირდაპირ ფარდულს რომ უყურებს, მაშინ არ დაკითხეთ და 18 დღის მერე ეუბნებით, გაიხსენოს?

პროკურორი: იგივე ინფორმაციის მატარებელი იყო ხსენებული პიროვნება იმ დღეებში, როდესაც თქვენ ასახელებთ...

ოთარ კახიძე: რა იცით ეს უკაცრავად?

პროკურორი: გვქონდა ოპერატიული ღონისძიებები მასთან გატარდა, გასაუბრება მოხდა

ოთარ კახიძე: არ უნდა აღწეროთ გასაუბრება?

პროკურორი: ოპერატიული ღონისძიებები სად უნდა აღვწეროთ?

ოთარ კახიძე: პოლიციაში დაიბარეთ მაგალითად ნიკოლოზ იორდანაშვილი?

პროკურორი: მე მაქვს ინფორმაცია, რომ პირველსავე დღეებში მოხდა შესაბამისი ინფორმაციის მიღება.

ოთარ კახიძე: და არ აფორმებთ?

პროკურორი: ოპერატიული ინფორმაციის ჩატარება და მოწმის გამოკითხვის ოქმის გაფორმება სხვადასხვა რამეა, დამერწმუნებით. 

ოთარ კახიძე: გასაგებია, უბრალოდ, თქვენ მოწმე, თვითმხილველი მიუყვანეთ პირველში და ჩვენება არ შეადგინეთ?

პროკურორი: ჩემი პასუხია, რომ ხსენებულ პირებთან მიმდინარეობდა პირველსავე ეტაპზე ოპერატიული ღონისძიებები და იგივე შედეგი იქნა მიღებული, რაც მაშინ [როცა დავკითხეთ]

ოთარ კახიძე: და ეს ემთხვევა რატომღაც სუბელიანის გამოჩენას?

პროკურორი: სუბელიანი არაფერ შუაში არაა. აბსოლუტურად არაფერ შუაში არაა მირზა სუბელიანი. საერთოდაც არ ვიცით, სუბელიანს რა კონტაქტი ჰქონდა, დაესწრო უბრალოდ შვილის ჩვენებას, რავი, მე არ მქონია კონტაქტი, პროკურატურის წარმომადგენელს არ ჰქონია კონტაქტი.

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.

ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

კომენტარები