ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია

ბაქრაძე: უკიდურესად საზიანოა სიაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების არ ჩაწერა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"უკიდურესად საზიანო და აღმაშფოთებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ ჩაწეროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსული საოკუპაციო რეჟიმის არცერთი წარმომადგენელი, " - ამის შესახებ განცხადება ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. 

"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში რუსული საოკუპაციო ძალების არცერთი წარმომადგენელი, წარმოადგენს არა მხოლოდ რუსეთის მიმართ მიუღებელი დათმობების პოლიტიკის დადასტურებას, არამედ ეწინააღმდეგება და აზიანებს საერთაშირისო ასპარეზზე საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკურ ამოცანებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ელემენტარულ საღ აზრსაც. ფაქტია, რომ ქართველი მოსახლეობის მოტაცება ხშირად ხდება არა მხოლოდ რუსი ე.წ. “მესაზღვრეების” თვალწინ, არამედ უშუალოდ მათი მონაწილეობითაც. ფაქტია, რომ სეპარატისტთა შეიარაღებული რაზმები, რომლებიც აწიოკებენ ადვილობრივ ქართულ მოსახლეობას, ვერანაირად ვერ იმოქმედებენ რუსული ძალოვანი უწყებების თანხმობის გარეშე. ფაქტია, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ხელი შეშლოდა გამოძიებას და პასუხისმგებლობისგან დაეფარა მკვლელები.

ევროპული საქართველო მოუწოდებს მთავრობას უმოკლეს ვადაში გადახედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და მოიყვანოს ის შესაბამისობაში დღევანდელ რეალობასთან და დაამატოს მას რუსული საოკუპაციო ძალების ის თანამდებობის პირები, ვინც მონაწილეობდა დანაშაულების დაფარვაში. 

"ცხადია, ევროპული საქართველოს ამოცანა არასოდეს ყოფილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამოყენება რუსეთთან ვითარების გამწვავების, ან ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან დიალოგის გართულების მიზნით. მაგრამ პასუხის მოთხოვნა მშვიდობიანი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის, სიმართლის დადგენა და დამნაშავეების დასჯა მათი საერთაშორისო სანქცირების გზით მიგვაჩნია სრულიად აუცილებელ ნაბიჯებად ადგილობრივი ქართული მოსახლეობის დაცვის და სამომავლოდ ასეთი დანაშაულების პრევენციის მიზნით. ცალკე გამოყოფას იმსახურებს სანქციების სიაში დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების მოხვედრა. ასეთი ხარვეზი ძალიან გაურთულებს ქართულ მხარეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების დარწმუნებას სიის მხარდაჭერის და საერთაშორისოდ ამოქმედების მიზნით. კატეგორიულად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უმოკლეს ვადაში გადახედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, მოიყვანოს ის შესაბამისობაში დღევანდელ რეალობასთან და დაამატოს მას რუსული საოკუპაციო ძალების ის თანამდებობის პირები, ვისი თანხმობით, ხელშეწყობით ან თანამონაწილეობითაც ხდებოდა დანაშაულების ჩადენა, ან ვინც მონაწილეობდა დანაშაულის დაფარვაში, ხელს უშლიდა სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას." - ამბობს დავით ბაქრაძე.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა რაც, ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამების მოკლეს.

სია მთავრობას გუშინ წარადგინა და მასში 33 ადამიანი არის შეყვანილი.

დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" 33 პირის შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყებამ საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯს დესტრუქციული უწოდა და პასუხისმგებლობა ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლაზე, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს დააკისრა. 

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები