შსს

შსს: გურიაში საკუთარი დის ჩაქუჩით მოკვლის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1938 წელს დაბადებული რ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის დას - 1936 წელს დაბადებულ კ.თ.-ს, ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც კ.თ. ადგილზე გარდაიცვალა. ასევე, დადგინდა, რომ რ.თ.-მ გარდაცვლილი დის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ეზოში დამარხა, ხოლო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით, პოლიციაში განცხადება შეიტანა, თითქოს, მასთან ერთად მცხოვრები კ.თ., რამდენიმე დღეა უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.თ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, ხოლო გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარს ბრალდებულის ეზოში მიაკვლიეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები