კრიმინალი

შსს: ბათუმში დაკავებულია 3 პირი, რომლებმაც თურქეთის მოქალაქისგან 2100 ლირა გაიტაცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, რომლებმაც თურქეთის მოქალაქისგან 2100 თურქული ლირა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უწყებაში ამბობენ, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს 1990 წელს დაბადებული მ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1985 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.მ. ბათუმში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 1 ივლისს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2100 თურქული ლირა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სამივე პირი ცხელ კვალზე დააკავეს, გატაცებული თანხა კი ნივთმტკიცების სახით, სრულად ამოიღეს", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები