ნენსკრა ჰესი

რწმუნებული: ჭუბერის მთელი ხეობა მოწყვეტილია გარესამყაროს, ეს ნენსკრა ჰესს არ უკავშირდება

რადიო თავისუფლება

ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ნინო ვიბლიანის თქმით, ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს. ვიბლიანმა ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს, ჩვენი ინფორმაციით, ხუთი ხიდია წაღებული. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოვახდინეთ. წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. ახლა მე ვიმყოფები სოფელ ჭუბერის ცენტრში, სადაც მდინარე გზის სავალ ნაწილზე მოედინება. ველოდებით მაშველებს, რომლებსაც სიტუაციის შესახებ ვაცნობეთ და ჩვენკენ მოდიან“, - თქვა ვიბლიანმა. მისივე მტკიცებით, მთა გუშინდელი ნალექის გამო ჩამოიშალა და ნენსკრაჰესის მშენებლობა ამასთან არაფერ შუაშია.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა“, - ამბობს რწმუნებული.

სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურს ამ დროისთვის არ აქვს. 

კომპანია ნენსკრა ჰიდროს განცხადებით, სვანეთში შექმნილი ვითარება ჰესის მშენებლობას არ უკავშირდება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხმობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით". 

ნენსკრაჰესის მშენებლობას ადგილობრივები წლებია ეწინააღმდეგებიან. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებით,  "ვინაიდან ეს რეგიონი [სვანეთი], რომელიც ცენტრალური კავკასიონის მთიანეთის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, მეწყერსაშიშია, ღვარცოფებითა და მცირე მიწისძვრებით გამოირჩევა, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებმა და ვიბრაციამ შეიძლება პროცესები დააჩქაროს". 

კომენტარები