"სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტყ..ა კაცი" - რას ითხოვს დევდარიანი

ტაბულა

როგორც ცნობილია, ზვიად დევდარიანი, რომელსაც ქალების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, 11 ქალს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო, რის შემდეგაც, მოპასუხე მხარეებს ამ დოკუმენტების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

ზოგიერთი მათგანი სარჩელიდან ამონარიდებს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი.

მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

რაც შეეხება სხვა მოპასუხეებს, ტაბულას დირექტორისგან ზვიად დევდარიანი ცნობების უარყოფას ფეისბუქის გარდა, ტაბულასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საშუალებით ითხოვს. მოსარჩელეს სურს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა დაწეროს შემდეგი წინადადებები:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ქალებს ავიწროებს";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი პრესას ემალება თხუნელასავით";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი გრანტით მოპოვებულ ფულს ვინც მისცემს, იმას სთავაზობს";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანის მხრიდან კოცონზე ის ქალები იყვნენ, სამსახურის მოლოდინში სექსის შეთავაზებას რომ იღებდნენ, მოტყუებით";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი სამსახურის ან დაწინაურების შეთავაზებაში სექსის სანაცვლოდ, ძალადობდა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის სექსუალური მანიაკი".

ზვიად დევდარიანი ფეისბუქ პოსტის გამოქვეყნებას ითხოვს ნინო დანელიასგანაც. დევდარიანი მიიჩნევს, რომ ილიაუნის პროფესორმა და ქალთა მოძრაობის წევრმა შემდეგი წინადადებები უნდა დაწეროს:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი უკიდურესად სირია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არი ჩლუნგი და გარყვნილი კაცი".

ასევე ქალთა მოძრაობის წევრ იდა ბახტურიძისგან დევდარიანი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში და ფეისბუქზე შემდეგი წინადადებების დაწერას ითხოვს:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მანიაკი";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ავიწროვებდა ქალებს".

"ევროპული საქართველოს" და ქალთა მოძრაობის წევრ თამარ კაკაბაძისგან დევდარიანი ფეისბუქზე შემდეგი წინადადების დაწერას ითხოვს:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ამტკიცებს, რომ არის ყ..ე" და ეს არის მისი პრინციპული პოზიცია".

"საფარის" ხელმძღვანელ ბაია პატარაიასგან დევდარიანი ითხოვს "ცილისმწამებლური ცნობების" გამოქვეყნებას ტაბულაზე და ფეისბუქზე. მოსარჩელეს სურს, რომ პატარაიამ შემდეგი წინადადებები დაწეროს:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანს უმეტესობა იცნობდა, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ბოროტად იყენებდა საკუთარ სამსახურებრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე".

მოპასუხე თამარ ყურაშვილისგან კი ზვიად დევდარიანი ფეისბუქზე მხოლოდ ერთი წინადადების დაწერა ითხოვს:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მოძალადე კაცი".

ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნიაა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანმა 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. მათ შორის იყო ტაბულაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დევდარიანს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა, განახლებულ სარჩელში ტაბულა აღარ არის. მოპასუხეებად კვლავ რჩებიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები