ადვოკატი: თუ ჰგონიათ დევდარიანმა იმიტომ შეიტანა სარჩელი, რომ "ის არ არის ეს" ეთქვათ, ცდებიან

ტაბულა

ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დღეს სახალხო დამცველს აპარატს სექსუალური შევიწროების ორი მსხვერპლის საქმეზე უკუგებით მიმართა.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, 10 დღის წინ ჩაბარდათ დამატებითი მასალები და დასკვნა ერთ-ერთი მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შედეგად მას ფსიქოლოგიური ტრავმა მიადგა.

ადვოკატის მტკიცებით, ჩაატარეს ხელახალი ექსპერტიზა, რომელიც  თავდაპირველ დასკვნას აბათილებს. დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულებები არ არის და სახალხო დამცველთან მათი პასუხი 65-გვერდიანია.

ადვოკატი საუბრობს პატივისა და ღირსების შელახვის სარჩელთან დაკავშირებით ფეისბუქ გამოხმაურებებზეც. მისი თქმით, ზვიად დევდარიანს მეორე ფეისბუქ სასამართლო მოუწყვეს და მასაც დასცინიან, რასაც სამართლებრივად არ "გაუტარებს".

"სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ დევდარიანს პრაქტიკულად მეორე ფეისბუქ სასამართლო მოუწყვეს. მათ შორის აქტიურობდა რამდენიმე მოპასუხე, მე არ მინდა ახლა მაგათი გვარების დასახელება. მოვუწოდებთ ამ მხარეს, შეწყვიტონ ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ასევე გრძელდება და არის შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. მიმდინარეობს ქილიკი კონკრეტულ გამონათქვამებთან დაკავშირებით და დაცინვა ზვიად დევდარიანის. ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის, მათ შორის ჩემი, უფლებადამცველის და ადვოკატის: თუ ეხლა მაგათ ჰქონიათ, რომ გავუტარებ სამართლებრივად, ძალიან შემცდარან. ვაფრთხილებ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული უფლებადამცველების და ადვოკატების მიმართ მთელი რიგი შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებისგან და შეწყვიტონ ეს ფეისბუქ სასამართლო. აქვე განვმარტავ: ის ციტირება შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, რომ სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი, არ არის რაღაც და არ მინდა ასეთი უწმაწური სიტყვების... ეს არის სასამართლოს დავალებით გაკეთებული. ანუ სასამართლომ კონკრეტულად გვთხოვა, რომ ეს ციტატები, რომლესაც ჩვენ ვთვლით, რომ არის შეურაცხმყოფელი, დამიწერე. ამიტომ არ მიიღო პირველი სარჩელი წარმოებაში, მე სხვანაირად მქონდა შეტანილი. თუ ვინმეს ჰქონია რომ ზვიად დევდარიანმა ამიტომ შეიტანა ეს სარჩელი, რომ "ის არ არის ეს" ეთქვათ, ძალიან შემცდარან. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, არის დაგეგმილი თავიდან ბოლომდე, როცა ის საზმაუს ბორდის წევრად იქნა წარდგენილი", - ამბობს დიმიტრი გაბუნია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატობის გარდა, ადვოკატი კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ქალებს ზვიად დევდარიანისთვის ორგანიზაცია CiDA-ს ხელში ჩაგდება სურდათ.

"სიდა ერთ-ერთი სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დააფუძნა ზვიად დევდარიანმა. იკვეთება და არის მთელი რიგი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ამ ორგანიზაციის ხელში ჩასაგდებადაც ყოფილიყო ეს ყველაფერი. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დაფინანსება ჰქონდა სიდას, 3 მილიონს მიაღწია მისმა ბიუჯეტმა, ქალთა უფლებებზე მუშაობდა და ჩვენ სწორედ კვირის ბოლოს გვექნება იმ ფოკუს ჯგუფების მიერ როგორ დაიწყო კამპანია, როგორ შეიძლება ეს ფინანსები ხელში ჩავიგდოთ, რატომ უნდა იყოს ზვიად დევდარიანი და ა.შ...", - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, იძულებულები არიან, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს საქმის მასალების ნაწილი გაასაჯაროვონ და პარასკევს "საკმაოდ სერიოზული განცხადებები" ექნებათ. დიმიტრი გაბუნია ამტკიცებს, რომ საზოგადოებას დეტალურად აცნობებს, როგორ დაიგეგმა "ეს ყველაფერი".

გარდა ამისა, ადვოკატი სავარაუდო მსხვერპლის დარწმუნებას, რომ მან ამის შესახებ მედიასთან ისაუბროს, ზეწოლას და იძულებას უწოდებს. მას მაგალითად მოჰყავს ფეისბუქ კომენტარები, სადაც, მისი თქმით, ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი წევრი სავარაუდო მსხვერპლს ეუბნება, რომ გაიხსენოს დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება მედიასთან. დღეს დიმიტრი გაბუნიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სად ჩანს აქ იძულება, რაზეც ის პასუხობს:

"იძულების მომენტი დგინდება, როცა ადამიანი ერთხელ გეტყვის და არ გიპასუხებს, მეორედაც არ გიპასუხებს და მესამედ უკვე იძულებით მდგომარეობაში აგდებ, რომ რაღაცა განცხადება გააკეთოს რა".

დღესვე, დიმიტრი გაბუნიამ მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მოუწოდა ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან, მისი თქმით, ადგილი აქვს მისი "პროფესიული მოვალეობების მიმართ გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას" რომელმაც მიიღო კამპანიური ხასიათი. ადვოკატის თქმით, ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა მიიღო, თითქოს მოსარჩელე მხარემ კანონი და სარჩელის დაწერა არ იცის.

"ეს ზეწოლა შეწყვიტონ, სამართლებრივ სივრცეში მოექცნენ, რომელ ქალთა უფლებების დაცვაზეა საუბარი, როცა სხვისი უფლებების შელახვით არიან დაკავებული, ქილიკით და დაცინვით. ჩატარდება სასამართლო და ჭეშმარიტებას დაადგენს. ან ისე იქნება, ან ასე იქნება და მერე გავაკეთოთ შეფასებები და არა ამ ფორმით, როგორიც არის", - ამბობს გაბუნია.

ადვოკატს ასევე მიაჩნია, რომ სახალხო დამცველზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს. ის ნინო ლომჯარიას მოუწოდებს, საქმეზე დასკვნა სწარაფად დადოს.

გარდა ამისა, დიმიტრი გაბუნია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და აცხადებს, რომ გამოძიება ძალიან გაჭიანურდა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად დევდარიანი, რომელსაც ქალების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, 11 ქალს პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო, რის შემდეგაც, მოპასუხე მხარეებს ამ დოკუმენტების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. ზოგიერთმა მათგანმა სარჩელიდან ამონარიდები გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი ხდება კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მოსარჩელეს სურს, მოპასუხე მხარეებმა ფეისბუქზე დაწერონ შემდეგი წინადადებები:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი პრესას ემალება თხუნელასავით";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის სექსუალური მანიაკი".
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არი ჩლუნგი და გარყვნილი კაცი".
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ავიწროვებდა ქალებს".
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ამტკიცებს, რომ არის ყ..ე" და ეს არის მისი პრინციპული პოზიცია".
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანს უმეტესობა იცნობდა, როგორც ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მოძალადე კაცი" და ა.შ.

ზვიად დევდარიანმა 12 პირს პატივისა და ღირსების შელახვისთვის მას შემდეგ უჩივლა, რაც ის 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მათ შორის იყო ტაბულაც, თუმცა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დევდარიანს სარჩელის მიღებაზე უარი უთხრა, განახლებულ სარჩელში ტაბულა აღარ არის. მოპასუხეებად კვლავ რჩებიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მათ საჯაროდ იდენტიფიცირება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ CiDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები