გამოხატვის თავისუფლება

ირანელები ახალგაზრდა ქალის ცეკვისთვის დაპატიმრებას ცეკვითვე აპროტესტებენ

ირანში ახალგაზრდა გოგონა ცეკვის გამო დააკავეს. 19 წლის მაედეჰ ჰოჯაბრის დაკავების მიზეზი Instagram-ზე მის მიერ ატვირთული ვიდეო გახდა, სადაც ის ირანულ და დასავლურ პოპ მუსიკაზე, ჰიჯაბის გარეშე ცეკვავს. გოგონას ამ გვერდზე 40,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ჰოჯაბრის ატვირთული აქვს ათობით ფოტოც. 

მოგვიანებით, ირანულმა ტელევიზიამ გოგონას აღიარებითი ჩვენება გაავრცელა, სადაც გოგონა მორალური ნორმების დარღვევას "აღიარებს", თუმცა აღნიშნავს, რომ სხვებისთვის ცუდი მაგალითი არ მიუცია.

სიუჟეტში მისი სახე დაფარული იყო, იქვე ჩანდნენ სხვა პირებიც, რომლებიც მსგავსი ბრალდებით არიან პატიმრობაში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ხშირად აჩვენებს აღიარებებს, რომლებიც, აქტივისტების შეფასებით, ზეწოლის ქვეშ არის ჩაწერილი.

მაედეჰ ჰოჯაბრის დაკავებამ სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია. ახალგაზრდებმა დაპატიმრებულ ქალს მხარი დაუჭირეს და ცეკვის ვიდეო თავადაც ატვირთეს.

კამპანიას უამრავი ახალგაზრდა შეუერთდა, ისინი ცეკვის ამსახველ ვიდეოს ავრცელებენ ჰეშთეგით #dance_isn’t_a_crime (ცეკვა კრიმინალი არ არის).

გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ჰოჯაბრი თავდებითაა გათავისუფლებული. ირანის პოლიცია აცხადებს, რომ დახურავს მსგავს გვერდებს Instagram-ზე, რომელსაც მილიონობით ირანელი მოიხმარს.

ირანში მოქმედი ისლამური კანონები კრძალავს საჯაროდ ცეკვას.ქალებს მამაკაცების თანდასწრებით ცეკვაც ეკრძალებათ. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც გოგონა უახლოესი ნათესავების წრეში ცეკვავს.

კომენტარები