სიდა-ს დირექტორი: ზვიად დევდარიანის საქმეზე პოზიციას მედიასთან არ ვაფიქსირებ

cida.ge

სიდა-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სალომე ზურაბიშვილი ტაბულასთან ამბობს, რომ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშორებით ამ ეტაპზე მედიასთან პოზიციას არ აფიქსირებს.

ის ორგანიზაციის დირექტორად მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც სექსუალური შევიწროების საქმესთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანს გამგეობამ უფლებამოსილება შეუწყვიტა.

მიმდინარე წლის მარტის მოვლენების შესახებ სიდა-ს ამჟამინდელი დირექტორს, სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ამ დრომდე უცნობია. დღესაც, მან ტაბულას უთხრა, რომ თავის აზრს ფეისბუქზე ან ორგანიზაციის ვებ-გვერდზე უახლოეს მომავალში გააჟღერებს.

"ჩემ პოზიციასაც მე თვითონ დავაფიქსირებ, ძალიან გთხოვთ რა... იქნება ეს ფეისბუქის საშუალებით თუ ოფიციალურად სიდას ვებ-გვერდზე თუ სხვა სახით. ამ ეტაპზე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, გარკვეულ დროს თვითონ დავაფიქსირებ", - ამბობს ის.

ტაბულამ მას ჰკითხა ზვიად დევდარიანის ადვოკატის განცხადების შესახებაც, რომლის თანახმად, სექსუალური შევიწროების საქმის მიზანი შესაძლოა დევდარიანისთვის სიდა-ს წართმევაც ყოფილიყო. კითხვას, შესაძლებელია თუ არა დონორების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ვინმემ ვინმეს წაართვას, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ შესაძლებლად არ მიაჩნია, თუმცა არ იცის ადვოკატმა ეს განცხადება რა კონტექსტში გააკეთა და პოზიციას არ დააფიქსირებს.

შეგახსენებთ, რომ CiDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს. აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს.

გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ ზვიად დევდარიანი აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

დევდარიანი მედიასთან პირველად 3 აპრილს, ადვოკატთან ერთად გამოჩნდა და განაცხადა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

კომენტარები