აშშ-რუსეთი

პუტინი: მინდოდა, აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი გამხდარიყო

Getty Images

დღევანდელი შეხვედრების და პრესკონფერენციის შემდეგ, მედიის შეფასებით, დონალდ ტრამპი და პუტინი მივიდნენ ერთ აზრამდე, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და რუსეთს შორის კავშირი არ ყოფილა. 

დღეს პუტინმა თქვა, რომ 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ტრამპს გულშემატკივრობდა. 

"მე მსურდა, ტრამპს გაემარჯვა, იმიტომ რომ ის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობდა". მისივე თქმით, რუსეთი არ ჩარეულა და არც გეგმავს, ჩაერიოს აშშ-ის საშინაო საქმეებში. 

ტრამპმა კი თქვა, რომ მათ ისაუბრეს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ, თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა ბრალდება უარყო. 

"პრეზიდენტმა პუტინმა დღეს განსაკუთრებით მყარად უარყო არჩევნებში მონაწილეობა," - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა: "შეთქმულება არ ყოფილა. მე ჰილარი ადვილად დავამარცხე, თუმცა, ამან მსოფლიოს ორი უდიდესი ბირთვული ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა". 

შეხვედრის დაწყებამდე ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: "ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არასდროს ყოფილა უარესი ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსის სისულელის და სიბრიყვის წყალობით. მათ პასუხი მოეთხოვებათ". 

BBC-ის​ განცხადებით, ამ ტვიტით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და მასში რუსეთის მხრიდან სავარაუდო ჩარევაზე გამოძიება დაგმო. 

ზოგიერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა დონალდ ტრამპს პუტინთან დღევანდელი შეხვედრის გაუქმებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც პარასკევს გაირკვა, რომ ჰაკერული თავდასხმის ბრალდებით 12 რუსს ბრალი წარუდგინეს. 

ყველა მათგანს ბრალად 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მონაცემებზე კიბერ-თავდასხმა ედება. თუმცა, ამ ტვიტით ტრამპმა რუსეთთან ურთიერთობების  გაუარესებაში შეერთებული შტატების შიდა ძალები დაადანაშაულა.  

კომენტარები