უნათლავი ჩვილები

რუსეთის ეკლესიამ უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების ცხონების შესაძლებლობა დაუშვა

ნათლისღება მართლმადიდებელ ეკლესიაში

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, მოუნათლავად გარდაცვლილ ბავშვებს, მათ შორის, დედის მუცელში გარდაცვლილებს მოიხსენიებენ. სინოდმა დაამტკიცა და ეპარქიებში გაგზავნა წეს-განგება მიცვალებული ყრმების შესახებ, რომელთაც "არ მიუღიათ ნათლისღების მადლი".

მოუნათლავი ადამიანები ეკლესიის წევრებად არ მიიჩნევიან. შესაბამისად, გარდაცვალების შემდეგ მართლმადიდებელი ეკლესია ლიტურგიისას მათთვის არ ლოცულობს. მიუხედავად ამისა, რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებაში წერია, რომ მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვები გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან მათ არ ჰქონიათ პირადი ცოდვები და მოკლებულნი იყვნენ რაიმეგვარი მორალური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ეკლესია არ გამორიცხავს მოუნათლავად გარდაცვლილი ბავშვების ცხონების შესაძლებლობას. 

"თუ იმ ყრმათათვის, რომლებიც მონათლულნი მიიცვალნენ, არსებობს განსაკუთრებული წეს-განგება, სხვა გარდაცვლილი ყრმებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც დედის მუცელში გარდაიცვალა, ეკლესიაში წესი არ აიგება და არ მოიხსენიება საღვთო ლიტურგიაზე. თუმცა, ის ფაქტი, რომ უნათლავ ყრმებს არ ჩაუდენიათ პირადი ცოდვები და მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას გაეკეთებინათ რაიმეგვარი მორალური არჩევანი, განასხვავებს მათ დანარჩენი უნათლავი ადამიანებისგან", - ნათქვამია სინოდის დადგენილებაში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პირველი არ არის, ვინც მოუნათლავი ბავშვების შესახებ მსგავსი დადგენილება მიიღო. სინოდმა სხვა ადგილობრივ ეკლესიათა გადაწყვეტილებებიც ახსენა: "საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2001 წლის 3 ივლისს დაამტკიცა და ეპარქიებში გამოსაყენებლად გაგზავნა ქრისტიანი მშობლების მოუნათლავი შვილის დაკრძალვის წესი. 2015 წლის ოქტომბერში ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დაამტკიცა ლოცვის წესი მუცელში მოწყვეტილთა და მკვდრადშობილთათვის, რომელიც შეიცვავდა ლოცვას როგორც გარდაცვლილი ბავშვის მშობელთა ნუგეშისთვის, ისე გარდაცვლილის სულისთვის. დაბოლოს, 2018 წლის 6 ებერვალს კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა დაამტკიცა ლიტურგიული მოხმარებისთვის წეს-განგება გარდაცვლილ უნათლავ ყრმათა შესახებ", - ნათქვამია სინოდის დადგენილებაში. 

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხონების საკითხი 2000 წლის 14 დეკემბრის წმიდა სინოდის სხდომაზე განიხილა და თქვა, რომ "მეორედ შობის ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამვკიდრება ანუ სულის ცხონება შეუძლებელია". 

სინოდალური დადგენილების ტექსტს თეოლოგები განსხვავებული ინტერპრეტაციით კითხულობენ, თუმცა, დადგენილებაში ვკითხულობთ

"პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: "უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა" (იოანე 3.3).

მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარწმუნოების სიმბოლოს IX მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" - კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველქმნილი ცოდვისაგან.

სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: "სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ-იღოთ..." (მათე 20,23). ამიტომ, ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს ანუ ცხონდებიან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის ანუ ცოდვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამვკიდრება ანუ სულის ცხონება შეუძლებელია", - ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმში.

საქართველოს ეკლესია ლიტურგიისას არ მოიხსენიებს უნათლავად გარდაცვლილ ბავშვებს.

სასულიერო პირთა შორის მოუნათლავი ბავშვების საკითხზე დაპირისპირებაა. ქართველი საჯარო მისიონერების ნაწილი არ გამორიცხავს მოუნათლავი ბავშვების ცხონების შესაძლებლობას. მათ უპირისპირდება და ერეტიკოსს უწოდებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის გარშემო გაერთიანებული მღვდლების ჯგუფი.

კომენტარები