პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე: დეტალები არ მახსოვს, როგორც გინდათ, ისე ქენით

პარლამენტი

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმე, წითელი მანქანის მძღოლი, ნიკოლოზ იორდანიშვილი გამოკითხა. 

მოკლული მოზარდების, დავით სარალიძის და ლევან დადაუნაშვილის ოჯახების ადვოკატების თქმით, ის დანაშაულს თავიდან ბოლომდე შეესწრო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს. თუმცა, დღეს ნიკოლოზ იორდანიშვილმა კომისიას ინფორმაცია ფაქტობრივად არ მიაწოდა და მათ კითხვებს სრული პასუხები არ გასცა. 

წითელი მანქანის შესახებ, რომელიც ჩხუბის დროს ე.წ არკასთან იდგა, სხვა მოწმეები საუბრობდნენ. მოწმე დიანა ბოლოთაშვილმა, რომელმაც საგამოძიებო კომისიას ჩვენება 30 ივნისს მისცა, თქვა:

"იქ წითელი მანქანა იდგა. ჩხუბის დროს სადარბაზოდან გამოდის საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა მამაკაცი, არსად არ მიუხედავს, ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა, დაძრა მანქანა და დაუძახა ბიჭებს, რომ გაეტარებინათ. მანქანამ გაიარა და ლევან დადუნაშვილი და ეს ბიჭი ჩემთან ახლოს აღმოჩნდნენ, ამიტომ დავინახე ნათლად. ფაქტია, მანქანამ რომ გაიარა წინ გაყვნენ ეს ბიჭები, ალბათ". 

ნიკოლოზ იორდანიშვილი: "მანქანიდან ნამდვილად არ გამოვსულვარ, მანქანა არ დამიტოვებია. 

სერგი კაპანაძე: წეღან თქვით, რომ გასვლას აპირებდით, იმიტომ რომ არ გინდოდათ, მანქანა დაზიანებულიყო. ეს ბავშვებს არ უთხარით, არ შეეხოთ ჩემს მანქანასო? მით უმეტეს, თქვენ ირგვლივ ორი ჩხუბი იყო, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. თქვენს მანქანას ეხებოდნენ ჩხუბის დროს? 

ნიკოლოზ იორდანიშვილი: არ მახსოვს. 

სერგი კაპანაძე: ფანჯარა ჩაწიეთ მანქანის და ხელი ან თავი გადაყავით და უთხარით, გამეცალეთო

ნიკოლოზ იორდანიშვილი: არ მახსოვს. 

სალომე ზურაბიშვილი: ეზოში სანამ დგახართ, მანქანა დაქოქილი გაქვთ თუ მერე დაქოქეთ

ნიკოლოზ იორდანიშვილი: რაღაც მომენტში გავთიშე და მერე ისევ დავქოქე

სალომე ზურაბიშვილი: ანუ მანქანა დაქოქილია და ელოდებით, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც გიშლიან ხელს, დაიშალონ ან წავიდნენ. ანუ რაც ხდება, აკვირდებით, ხომ ბუნებრივად, რადგან მათ წასვლას ელოდებით. 

ნიკოლოზ იორდანიშვილი: რომ ჩხუბობდნენ, ვიყურებოდი, გავიხედე, აქეთ მოვიდნენ, იქით მოვიდნენ, მანქანასთან, ეს ჩხუბი რო დაიწყო, ძალიან მალე მოხდა რა. უცებ გაიშალნენ, მალევე დაიშალა და გზა გაიხსნა. 

გარეთ რო გამოვედი, ცხვირი რო გავყავი და ვეღარ გავდიოდი, მანდ მომიკაკუნა ვიღაცამ. მაგრამ რა მითხრა, ვერ გავიგე, შუშა აწეული მქონდა. რა მითხრა, არ ვიცი, ვერ გავიგე. 

ირაკლი აბესაძე: ეზოში როცა იყავით, არავის მოუწოდებია თქვენთვის, რომ დახმარებოდით ბავშვებს? 

ნიკოლოზ იორდანიშვილი: არა. 

ირაკლი აბესაძე: დარწმუნებული ხართ? 

ნიკოლოზ იორდანიშვილი: იმ ბავშვების გარდა არავინ ყოფილა და ვინ მეტყოდა. 

სალომე ზურაბიშვილი: რომ შველა უნდა, დავუძახოთ პოლიციას და სასწრაფოს, ეს თქვენზე არ მოქმედებს? 

ნიკოლოზ იორდანიშვილი: როგორ არ მოქმედებს, ადამიანი ვარ, ჩხუბი ყველაზე მოქმედებს. ჩხუბი რო დაიწყო, იძახდნენ, რომ პატრული მოდის, დარეკილიაო

სალომე ზურაბიშვილი: გესმით, რომ არის არა მხოლოდ ჩოჩქოლი, არამედ ძახილი შეშფოთებული ხალხის, რომ რაღაც ხდება და ეს თქვენზე არ მოქმედებს, არანაირი რეაქცია არ გაქვთ ამაზე? 

ნიკოლოზ იორდანიშვილი: რატო არ შეიძლება, ჩხუბზე ვიღაცამ დაიწყოს ყვირილი ნუ ჩხუბობთო, რა ვიცი. 

სერგი კაპანაძე: თუ ეს ჩვეულებრივი ჩხუბი იყო და რა პრობლემაა, მაშინ თქვენი ემოციური ფონია გაუგებარი, ემოციური ფონი იყო ა არ მახსოვს არაფერიო. თქვენივე თავს ეწინააღმდეგებით ამით. 

ირაკლი აბესაძე: თქვენ ეს ჩხუბი შეაფასეთ ისე მწვავედ, რომ შეიძლება თქვენ მოგვხედროდათ რაღაც, ხომ? ანუ ჩხუბი იყო იმდენად მძაფრი, რომ ჩათვალეთ, რომ თქვენ შეიძლება დაზიანებულიყავით. ეს არის ის, რაც პოლიციაში თქვით. გავიგეთ, რომ არ გვეუბნებით, სახეზე ვინ იყო, არ გვეუბნებით, ხელში რა ქონდათ. აღგვიწერეთ, რა გარემოებები იყო ჩხუბის ისეთი, რომ თქვენ დაზიანებულლიყავით

ნიკოლოზ იორდანიშვილი: უბრალოდ ჩხუბი იყო და სიმრავლის გამო, შეიძლებოდა რო გადავსულიყავი, მომხვედროდა. არ მახსოვს არავისი სახე, მომენტები და ისეთი დეტალები და რა გავაკეთო, როგორც გინდათ, ისე ქენით, რა ვქნა. 

კომენტარები