ხელოვნური ინტელექტი

რატომ აკრიტიკებენ ხელოვნური ინტელექტის მკვლევრები რობოტ სოფიას

0 კომენტარი
რობოტი სოფია ფოტო: http://www.businessinsider.com

კომპანია Hanson Robotic-ის მიერ შექმნილ ჰუმანოიდ რობოტ სოფიას, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩამოიტანეს, არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. 

ერთ-ერთია ფეისბუქის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ხელმძღვანელი იან ლეკუნი. ის მიიჩნევს, რომ მთელი ეს ამბავი სრული სისულელეა და სოფია იმდენადაა ხელოვნური ინტელექტი, რამდენადაც ჯადოსნური ხრიკი შეიძლება იყოს ნამდვილი ჯადოქრობა. ამის შესახებ მან რამდენიმე თვის წინ თვითერზე დაწერა. 

იანვარში სოფიამ "უპასუხა" ლეკუნის კრიტიკას, რომ მას ეს კომენტარი ეწყინა, ახალი გამოცდილებებით სწავლას ცდილობს და თავს არ იკატუნებს". რაზეც ხელოვნური ინტელექტის მკვლევარმა დაწერა, რომ ეს ძალიან სასაცილო იქნებოდა, იმ ფაქტს რომ არ ააშკარავებდეს, რომ ეს დაწერა ადამიანმა, რომელიც თავს იკატუნებს, რომ თითქოს რობოტია. მისი თქმით, ბევრი ადამიანი მოტყუვდა, რომ ამ მექანიკურად დახვეწილ რობოტს შესაძლებელია ჰქონდეს გრძნობები და მოსაზრებები, მაშინ როცა სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი თოჯინაა. 

ლეკუნს ხელოვნური ინტელექტის არაერთი მკვლევარი და ჟურნალისტი ეთანხმება, რომლებიც ცდილობენ დაანახონ საზოგადოებას, რომ რობოტი არც ისეთი დახვეწილია, როგორადაც შემქმნელები წარმოაჩენენ. 

გასულ ნოემბერს, ჟურნალ The Verge-მა სოფიას ერთ-ერთ შემქმნელს, ბენ გოერცელს რობოტის რეალურ შესაძლებლობებსა და მის წარმოდგენას შორის არსებულ განსხვავებაზე კითხვა დაუსვა. მან უპასუხა, რომ სოფიას ასე წარმოჩენა ადამიანებში ხელოვნური ინტელექტის პროგრესის რწმენას ახალისებს და კომპანიას ცნობადობას მატებს. 

ლეკუნმა თავის ფეისბუქ პოსტში დაასკვნა, რომ "საბოლოო ჯამში, სინამდვილეში ის ხდება, რომ ადამიანები მოტყუებულები რჩებიან. ეს ძალიან საწყენია და სწორედ ეს არ არის ის, რის გაგებასაც სოფია ვერ შეძლებდა." 

.

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯიშკარიანი

კომენტარები