რეგიონალური მართვა

სოზარ სუბარი რეგიონალური მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს

სოზარ სუბარი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი გამოეყო, რომელსაც სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

"მინდა გაცნობოთ რომ სოზარ სუბარი, რომელსაც ნამდვილად არ ჭირდება წარდგენა უხელმძღვანელებს რეგიონალური მართვის მიმართულებას. ეს გახლავთ სიახლე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური პოლიტიკის კომპონენტი და გადმოვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამ ცვლილებების აუცილებლობა დაგვანახა გამოცდილებამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველჰყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონალური პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით"- თქვა ბახძატემ.

როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, აქამდე არსებული რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობდა რეგიონებში გამოწვევებს და ის დარწმუნებულია, რომ სუბარი ამ მიმართულებით ძალიან დაეხმარება. 

"მე არა ერთხელ განვაცხადე, რომ სამწუხაროდ დღემდე არსებული რეგიონალური მართვის სისტემა ვერ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს რეგიონებში და ზოგადად რეგიონალურ მმართველობაში. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, იმისთვის რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ხარისხობრივად ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღნიშნული სამსახური იყოს უშალოდ პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში, რომ ჩვენ გვქონდეს უკუ და პირდაპირი კავშირი საზოგადოებასთან უფრო ეფექტურად და დარწმუნებული ვარ სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება"- თქვა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად 16 ივლისს დაინიშნა.

კომენტარები