ხორავას ქუჩის საქმე

საგამოძიებო კომისია: ხორავას ქუჩის საქმეზე ახალი გარემოება გამოიკვეთა, მივმართავთ შსს-ს

პარლამენტის პრესსამსახური

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ არასრულწლოვნების დაკითხვა დაასრულა. კომისიის წევრების თქვით, მოზარდების დაკითხვის შედეგად გამოიკვეთა ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც შსს-ს აცნობებენ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეპუტატები დეტალებზე არ საუბრობენ.

"ჩვენ კვირების განმავლობაში გვქონდა საშუალება, მიგვეღო და გაგვეანალიზებინა ინფორმაცია. დღეს, როდესაც პრაქტიკულად დავასრულეთ ძირითადი მოწმეების, არასრულწლოვნების დაკითხვა, გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, საკვანძო ახალი გარემოებები. ამის შესახებ მყისიერად ვაწვდით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვიკავებთ თავს შინაარსის გასაჯაროებისგან და ველოდებით შსს-ს. დღეს ვიკავებთ თავს ყველანაირი დეტალის თქმისგან, ვინაიდან ორიენტირებულები ვართ შედეგზე და მნიშვნელოვანია, შსს-მ სწრაფად მიიღოს ეს ინფორმაცია და შესაბამისად იმოქმედოს" - თქვა უმცირესობის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ.

კომისიის კიდევ ერთი წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ როგორც აღმოჩნდა, გამოძიებას არ ჰქონდა გადამოწმებული ყველა ვერსია დანაშაულთან დაკავშირებით.

"ახლა გვაქვს მტკიცებულებები, რამაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული ვერსია. შსს-მ თვეები დაკარგა იმისთვის, რომ ეს ვერსია გადამოწმებული და დამტკიცებული ან უარყოფილი ჰქონოდა, მათგან ველით ამ ინფორმაციის, ფაქტების და გარემოებების გადამოწმებას" - თქვა აბესაძემ. 

კონკრეტულ ფიგურანტებზე საუბრისგან თავს იკავებს ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილიც.

"არასრულწლოვნების ბოლო ორკვირიანი გამოკითხვების შედეგად, ჩვენ გაგვიჩნდა განცდა და საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობს დამატებითი გარემოებები, რომელიც გვინდა, რომ გავუზიაროთ შსს-ს, მიგვაჩნია, რომ ამ საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალებია. შესაბამისად, მათთან გვექნება კომუნიკაცია, ვეცდებით, ოპერატიულად მოხდეს ამ დეტალებზე რეაგირება" - ამბობს კომისიის წევრი.

-------------------------

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

ამის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

კომენტარები